სამხრეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა

სამხრეთ კორეამ წყალქვეშა ნავიდან ბალისტიკური რაკეტა (SLBM) წარმატებით გამოსცადა. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

როგორც Reuters-ი წერს, სამხრეთ კორეა გახდა პირველი ქვეყანა, რომელსაც ბირთვული იარაღი არა აქვს, მაგრამ ასეთი სისტემა შეიმუშავა, რადგან მიზნად ისახავს, ამ კუთხით დაუპირისპირდეს ჩრდილოეთ კორეის მზარდ შესაძლებლობებს.

სამხრეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტა იმავე დღეს გამოსცადა, როდესაც ჩრდილოეთ კორეამ ბალისტიკური რაკეტები გაუშვა, რითიც გაეროს უშიშროების საბჭოს სანქციები დაარღვია. რამდენიმე დღით ადრე კი ჩრდილოეთ კორეამ საკრუიზო რაკეტები გამოცადა.

სამხრეთ კორეის მიერ SLMB-ს გამოცდას პრეზიდენტი მუნ ჯე ინი ესწრებოდა.

როგორც ცნობილია, ამ ტიპის სარაკეტო სისტემას აშშ, რუსეთი, ჩინეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, ჩრდილოეთ კორეა და ინდოეთი ფლობს. წყალქვეშა ნავიდან გასაშვები ბალისტიკური რაკეტების ძირითადი მიზანი ბირთვული იარაღის გადატანაა.

"SLMB-ს ფლობას დიდი მნიშვნელობა აქვს სხვადასხვა საფრთხეების შეკავებისთვის და ველით, რომ მნიშვნელოვან როლს ითამაშებს კორეის ნახევარკუნძულზე თავდაცვის შესაძლებლობების და მშვიდობის მშენებლობისთვის" - ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.

ამავე თემაზე:

ჩრდილოეთ კორეამ ახალი, შორი მოქმედების საკრუიზო რაკეტა გამოსცდა