მედიაში გავრცელებული ფაილების საქმეზე ჟურნალისტები პროკურატურაში დაიბარეს. მათ შორის არიან ტელეკომპანია „პირველისა“ და „ფორმულას“ ჟურნალისტები. „ტვპირველის“ საინფორმაციო სამსახურის უფროსის ადვოკატის განცხადებით, გამოკითვა ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა. ამასთან, გამოძიებასთან თანამშრომლობის მზაობა გამოთქვეს.
თავის მხრივ, ნოდარ მელაძემ, რომელიც დღეს გამოკითხეს, განაცხადა, რომ პროკურატურისგან ვერ დაინახა განზრახვა, რომ „მთელი საგამოძიებო უწყებების რესურსია მობილიზებული, რათა სასწრაფოდ მისცენ პასუხისგებაში ის ადამიანები, ვინც ასეთ ბოროტებას ჩადიოდა“. ნოდარ მელაძის განმარტებით, გამომძიებლებს განუმარტა, რომ თავს დაზარალებულად თვლის და აპირებს, დამატებით შეიტანოს სარჩელი იმის გამო, რომ უკანონოდ ხორციელდებოდა მოსმენა.
„ცოტა უცნაური კითხვები იყო ჩემთვის, იმიტომ, რომ პროკურატურა ინტერესდებოდა მაგალითად იმით, მოდი, მოგვიყევი იქ, რაც წაიკითხე. ვუთხარი, რომ არსებობს ბმული, დაგისახელეთ ეს ბმული, ორი დღეა, ყველასთვის ცნობილია ეს ყველაფერი, შეგეძლოთ თავად ჩამოგექაჩათ და თავად წაგეკითხათ ეს ყველაფერი-მეთქი.
ასევე იყო კითხვა - თუ მოახდინეთ იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც უკანონოდ გისმენდნენ და თუ შეგიძლიათ მათი დასახელება. ვუთხარი, რომ ამ ადამიანების ვინაობა თავად იმ ოპერატიულ ოქმებშია, რომელიც არის ატვირთული, შეუძლიათ, ეს ოპერატიული ოქმები ამ წუთასვე ჩამოტვირთონ საიტიდან და მარტივად დაადგენენ იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს, რომლებიც უკანონო მოსმენას ახორციელებდნენ არამხოლოდ ჩვენი, არამედ მღვდლების, მონაზვნების ეპისკოპოსების და პატრიარქის უშუალო გარემოცვის”, - აცხადებს ნოდარ მელაძე.
პროკურატურამ „ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე გამოძიება დაიწყო“