პორტუგალიაში მოსახლეობის 80% სრულად ვაქცინირებულია

10 მილიონიან პორტუგალიაში მოსახლეობის 80% სრულად ვაქცინირებულია. ქვეყანა შეზღუდვებს ნაბიჯ-ნაბიჯ ხსნის. Reuters-ის ცნობით, კოვიდვაქცინით მოსახლეობის აცრის მაჩვენებელი პორტუგალიასა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ერთნაირია. 65 წელს გადაცილებულებში თითქმის ყველა აცრილია, 12-17 წლის ახალგაზრდების ნახევარი სრულად ვაქცინირებულია, პორტუგალიაში ვაქცინაცია 12 წელს გადაცილებულებშია დაშვებული.

ცნობისთვის, დანია ევროკავშირის ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, სადაც კორონავირუსის გამო დაწესებული ყველა შეზღუდვა 10 სექტემბრიდან გაუქმდა. მთავრობის ახალი გადაწყვეტილება ქვეყანაში ვაქცინაციის მაღალი ტემპით არის განპირობებული.

დანიაში სრულად არის აცრილი 12 წელს გადაცილებული მოსახლეობის 83 პროცენტი. ქვეყანაში შემსვლელთათვის შეზღუდვები არ გაუქმებულა. გერმანიიდან, დანიის მოსაზღვრე რეგიონის გარდა, ჩასულებმა კორონავირუსის ტესტის შედეგი უნდა წარადგინონ.