„მთავარი არხის“ ოპერატორი მომხდარ ინციდენტზე: გადმომაგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით

„მთავარი არხის“ ოპერატორ ლევან აბლოთიას განცხადებით, გუშინ ის ქარელში, „ქართული ოცნების“ ოფისის აივნიდან გადმოაგდეს. ამის შესახებ მან დღეს, კლინიკის დატოვების შემდეგ განაცხადა.

ოპერატორმა ჟურნალისტებთან საუბრისას ქარელში მომხდარი ინციდენტის დეტალები გაიხსენა და აღნიშნა, რომ უცხო ადამიანების მხრიდან მსგავსი აგრესია და ძალადობა არსად უნახავს.

„თუ გნახავდით, არ მეგონა. ისე სწრაფად მოხდა ყველაფერი, რომ ცოტა რთული გასახსენებელია..

მე და ჩემი ჟურნალისტი ბექა ყორშია ქარელში ვიმყოფებოდით, ჟურნალისტურ საქმიანობას ვასრულებდით, რა დროსაც “ქართული ოცნების” ოფისში მივედით. არ ვიცი, ნახეთ თუ არა, როგორ გამოჰყავთ შიგნიდან ბექა ყორშია, ამის შემდეგ მეც გამოვედი იმიტომ, რომ ჩემი ჟურნალისტი ძალის გამოყენებით გამოყვანეს გარეთ.

ეს ხალხი მერე ოფისში ჩაიკეტა, მე და ბექა „სტენდაფს“ ვწერდით, ისევ გამოვარდა 4 თუ 5 ადამიანი და ზოგი უკნიდან კამერის წართმევას ცდილობდა, ზოგი წინიდან, და ვარიდებდი თავს, როგორც ხდება ხოლმე. უკან მივდიოდი. მინდოდა, რომ დისტანცია ყოფილიყო ჩემსა და იმ აგრესორ ადამიანს შორის, რა დროსაც მოაჯირი ყოფილა უკან და ამ ჭიდაობასა და ხელის კვრაში წონასწორობა დავკარგე და გადავვარდი. უბრალოდ თავს ვიცავდი, მაგრამ ვერ დავიცავი ბოლომდე თავი და მოხდა ის, რაც მოხდა, გადმომაგდეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით“, - განაცხადა ლევან აბლოთიამ.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ გამოეხმაურა ქარელში მომხდარ ფაქტს. კოალიცია გმობს „მთავარი არხის“ ოპერატორის, ლევან აბლოთიას და ჟურნალისტის, ბექა ყორშიას მიმართ გამოვლენილ ძალადობას.

„მიგვაჩნია, რომ 2021 წლის 15 სექტემბერს ქარელში მაუწყებლის გადამღები ჯგუფის შეზღუდვა და ოპერატორის დაზიანება ასევე მოიცავს ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ნიშნებს, რაც გამოძიების პროცესში გასათვალისწინებელი გარემოებაა“, - ნათქვამია კოალიციის განცხადებაში.

როგორც კოალიციაში აღნიშნავენ, ქარელში მომხდარი შემთხვევა მმართველი პარტიის აგრესიული პოლიტიკის შედეგია და „ქართულ ოცნებას“ მიმართავენ, არ წაახალისოს ჟურნალისტების მიმართ ძალადობა.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე ქარელში გადაღებული კადრები წარადგინა და განაცხადა, რომ ოპერატორი კამერით ხელში გადაადგილდება.

„ნიკა გვარამიას და მისი ტელევიზიის მიერ გუშინ მოწყობილი შოუ მთლიანად შეიცავდა როგორც დეზინფორმაციას, ისე ზიზღის ენას. როგორც იტყვიან ხოლმე, იყო სრული ბუკეტი იმისა, რისი ლუსტრირებაც მოვახდინეთ“, - განაცხადა მდინარაძემ.

ამავე თემაზე:

,,მთავარის“ ინფორმაციას, რომ ტელეკომპანიის ოპერატორი „ქართული ოცნების“ ოფისის მეორე სართულიდან გადმოაგდეს, მმართველ პარტიაში გამოეხმაურნენ