თენგიზ ცერცვაძე: კოვიდრეგულაციების აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი სათანადოდ არ იყო გამოყენებული

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი კოვიდრეგულაციების დამრღვევთათვის ჯარიმების ჩამოწერის მომხრე არ არის.

თენგიზ ცერცვაძე ხელისუფლებას საყვედურობს, რომ აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი არ იყო.

„ერთადერთი, რაშიც მე ვსაყვედურობ ხელისუფლებას, მათ შორის პრემიერსაც და ყველას, ჩვენს საზოგადოებასაც, ჩვენს თავს, ჯანდაცვის სამინისტროს, მაგრამ ხელმძღვანელობას, იმიტომ რომ ბერკეტები მის ხელშია, აღსრულებაზე მკაცრი კონტროლი არ იყო გამოყენებული სათანადოდ. დარჩა რეგულაციები პირბადის ტარება, ხალხმრავალი შეკრებებისგან თავის არიდება, ამის აღსრულებაზე კი კონტროლი არ იყო მკაცრი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

„როდესაც პრემიერად მოვიდა ღარიბაშვილი, მას სხვა მოცემულობა დახვდა, ხალხს ძალიან უჭირდა, არსებობის საშუალება არ ჰქონდა. მას არჩევანი უნდა გაეკეთებინა - ხალხი დაზიანებულიყო შემოსავლების არქონის გამო, თუ ინფექციის გამო. ღარიბაშვილი იძულებული იყო, შეერბილებინა ღონისძიებები. ვეთანხმები ღარიბაშვილს, რომ გახარიას ხისტი სტილი შეცვალა ლიბერალური სტილით, ის ვერ გააგრძელებდა გახარიას სტილს, რადგან ეკონომიკა მოკვდებოდა, მაგრამ აღსრულებაზე იმ რეგულაციების, კონტროლი არ იყო მკაცრი“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში.

ცნობისთვის, საქართველოს 245 ათასზე მეტ მოქალაქეს და 344 იურიდიულ პირს პანდემიის გამო დაწესებული რეგულაციების დარღვევისთვის დაკისრებული ჯარიმები ჩამოეწერათ.

ამავე თემაზე:

კოვიდრეგულაციების დამრღვევებს ამნისტია შეეხებათ

ინფექციონისტი: რეგულაციები ფორმალობად გადაიქცა და ადამიანები მას აღარ იცავენ