ოკუპირებული ტერიტორიებიდან, დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოქალაქეთა იმუნიზაციის პროცესის მიმდინარეობას გაეცნო.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სამედიცინო დაწესებულებას აქვს შესაბამისი რესურსი, როგორც პაციენტთა ნაკადების მართვის, ასევე შესაბამისი აღჭურვის თვალსაზრისით.რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო Covid-19-ის საწინააღმდეგო პროცესებში პირველივე დღიდანაა ჩართული.
სამედიცინო დაწესებულებაში აცრის ჩატარება ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოსულ მოქალაქეებსაც შეუძლიათ. ვაქცინაციის კამპანიის „მოდი ავიცრათ ერთმანეთისთვის” ფარგლებში, ეკატერინე ტიკარაძე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
მხარეებმა მასობრივი ვაქცინაციის მნიშვნელობასა და რეკომენდაციებზე იმსჯელეს. განიხილეს ვაქცინაციის პროცესში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების აქტივობაც. მინისტრმა პანდემიის დასრულებისთვის, ვაქცინაციის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება და იმუნიზაციის პროცესში სოფლის ექიმების როლი გამოჰყო. ღონისძიებას 50-მდე სამედიცინო სექტორისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. „ვაქცინაციის ტემპი საქართველოს მასშტაბით დამაკმაყოფილებელია. ამ მხრივ თბილისი და აჭარა ლიდერობენ. სამეგრელოში ვაქცინირებული მოსახლეობის 11%-ია.
ეს არ არის დამაკმაყოფილებელი და მნიშვნელოვანია მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია. ამ მიზნით ვიმყოფებოდი რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში. ვაქცინაციის პროცესში მნიშვნელოვანია სოფლის ექიმების გააქტიურებაც და მოსახლეობასთან მეტი კომუნიკაცია“, - ამის შესახებ ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.
მინისტრმა ეპიდემიოლოგიური ვითარებაც შეაფასა და აღნიშნა, რომ ვაქცინაციასთან ერთად მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან. უწყების ხელმძღვანელმა 60 წელს გადაცილებულების იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.
„საქართველოში ეპიდემიოლოგიური ვითარება სტაბილურია, თუმცა მნიშვნელოვანია, რომ ტრანსპორტის ამოქმედებასთან ერთად, მოქალაქეებმა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაიცვან.
რაც შეეხება მეხუთე ტალღას, ამასთან დაკავშირებით გარკვეული საუბრები არის სხვადასხვა ქვეყანაში, თუმცა ამ ეტაპისთვის საქართველოში ამაზე საუბარი ნაადრევია. ჩვენ არაერთი კვლევა გვაქვს ჩატარებული იმასთან დაკავშირებით, თუ როგორია ინფექციის გავრცელების მაჩვენებელი. ძირითადი რისკის მატარებლები 60 წელს გადაცილებული და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები არიან. მათი ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან, ინფიცირების შემთხვევაში მათ კლინიკა და რეანიმაცია ესაჭიროებათ . მაღალია ლეტალობის მაჩვენებელიც“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ვაქცინაციის კამპანია „მოდი ავიცრათ ერთმანეთისთვის” Covid19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ფარგლებში მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით იმართება. ვაქცინაციის კამპანიის გამართული საინფორმაციო შეხვედრები მოიცავს ყველა რეგიონს და Covid-19-ის ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას. კამპანია პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში, ჯანდაცვის სექტორის მზადყოფნის უზრუნველყოფას ემსახურება.
ცნობისთვის, საქართველოში 660 832 ადამიანი სრულად ვაქცინირებულია.