ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი რუსეთს კიდევ ერთხელ მოუწოდებს, საქართველოს 1500 მოქალაქეს, იმ არამატერიალური ზიანის კომპენსაციისთვის გადაუხადოს, რაც მათ დეპორტაციის შედეგად მიადგათ.
რუსეთის ფედერაციას კომპენსაციის გადახდა ევროპულმა სასამართლომ დააკისრა.
14-16 სექტემბერს, ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული განჩინებების და გადაწყვეტილებების აღსრულების პროცესი განსახილველად, სტრასბურგში შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საქართველოს საქმეც განიხილეს.
„საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“, საქმე ეხება რუსეთის ფედერაციაში საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრებას, დაკავებას და იქიდან გამოძევებას, 2006 წლის სექტემბრიდან 2007 წლის იანვრის ბოლომდე.
მინისტრების განცხადებით, თანხის გადახდისთვის დაწესებული ბოლო ვადა, 2019 წლის 30 აპრილი უკვე გავიდა, რის გამოც ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ იმის თაობაზე, რომ ჯერჯერობით არანაირი თანხა არ არის გადახდილი.
„ევროპული სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხის გადახდა უპირობო მოვალეობაა და მისი გაჭიანურება დაზარალებულებს ართმევს მიღებული ზარალის კომპენსაციის მიღების საშუალებას“, - აცხადებენ ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის წევრები
ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2006 წლის ოქტომბრის შემდეგ რუსეთის ფედერაციაში მოქმედებდა ადმინისტრაციული პრაქტიკის ტოლფასი პოლიტიკა, რომელიც მოიცავდა საქართველოს მოქალაქეების დაპატიმრებას, დაკავებას და გაძევებას.