ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისმა (ODIHR) საქართველოს 2 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.
"სამართლებრივი ჩარჩო არსებითად შეიცვალა 2021 წლის 28 ივნისს, 19 აპრილს მიღწეული პოლიტიკური შეთანხმების შემდეგ, რომელიც მიზნად ისახავდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან წარმოშობილი პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლასსაარჩევნო კოდექსში ცვლილებებმა შეცვალა საარჩევნო კომისიების შემადგენლობა და დანიშვნის წესი, შემოიღო უფრო მაღალი პროპორციული კომპონენტი ადგილობრივი არჩევნებისთვის, გაახანგრძლივა დავების გადაწყვეტის ვადები, შემოიღო სავალდებულო შემთხვევითობის წესით ხმების ხელახალი დათვლა და დამატებითი ზომები, ამომრჩევლის დაშინებისა და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ ", - ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, ამ ცვლილებებში ნაწილობრივ გათვალისწინებულია ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები.
"ამ ცვლილებებმა ნაწილობრივ გაითვალისწინა ODIHR-ისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციები, თუმცა ODHIR-ის რამდენიმე წინა რეკომენდაცია რჩება გაუთვალისწინებელი, მათ შორის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვასთან, საარჩევნო დავის გადაწყვეტასთან და სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენების წინააღმდეგ მიმართულ ზომებთან დაკავშირებით."- ნათქვამია ანგარიშში.
ანგარიშში ასევე საუბარია პარლამენტის მიერ ცესკოს ახალი თავმჯდომარისა და ორი უპარტიო წევრის არჩევაზეც.
"ცესკოს ახალი თავმჯდომარე და ორი უპარტიო წევრი პარლამენტმა 2 აგვისტოს მარტივი უმრავლესობის „ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის“ საშუალებით აირჩია, კვალიფიციური უმრავლესობის მიღწევის სამი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ. ODHIR-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას რამდენიმე პირმა ცესკო-ს მიუკერძოებლობის მიმართ ცვალებადი ნდობა გამოხატა და განაცხადა, რომ "ჩიხის საწინააღმდეგო მექანიზმის" გამოყენება იყო კონსენსუსზე დაფუძნებული საარჩევნო ადმინისტრაციის გამოტოვებული შესაძლებლობა; სხვებმა აღნიშნეს, რომ პლურალისტურმა შემადგენლობამ ხელი შეუწყო ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომების არსებით განხილვას. დღეისათვის საარჩევნო ადმინისტრაციამ შეასრულა ყველა კანონიერი ვადები და მიმდინარეობს ტექნიკური მზადება",- აღნიშნულია დოკუმენტში.
სადამკვირვებლო მისის წევრების დახასიათებით, საარჩევნო გარემო მკვეთრად პოლარიზებულია. დოკუმენტში ასევე ხაზგასმულია, რომ საარჩევნო კამპანია განსაკუთრებით ცნობილია ბეჭდურ და ონლაინ მედიასა და სოციალურ ქსელებში.
"კონკურენტების უმეტესობას არ გამოუთქვამთ შეშფოთება, მათი კამპანიის თავისუფლად ჩატარების შესახებ, მათ შორის უმცირესობათა ენებზე. ODHIR-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას რამდენიმე გამოკითხული აღწერს პოლიტიკურ ლანდშაფტს, როგორც უაღრესად პოლარიზებულს, ხოლო დისკურსს აგრესიულს, ხშირია ბრალდებები დეზინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით,“ - აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ODHIR-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბრისას ოპოზიციური პარტიების უმეტესობა აცხადებს, რომ პოლიტიკური გარემო უპირატესობას მმართველ პარტიას უკანონოდ ანიჭებს, "მათ შორის საარჩევნო შემოწირულობების ხელმისაწვდომობის მხრივ და გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ მთავრობის მიერ ბოლო პერიოდში რიგი სოციალური და ეკონომიკური პროექტების დაწყებამ კიდევ უფრო გაართულა ეს საკითხი".
ანგარიშის თანახმად, მიუხედავად იმისა, რომ კანონი კრძალავს არჩევნების დანიშვნის შემდეგ სოციალური და ეკონომიკური პროექტების დაწყებას, მთავრობა ირწმუნება, რომ პროექტები დაიწყო არჩევნების გამოცხადებამდე. შუალედურ ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ მედიაგარემო არის მრავალფეროვანი, თუმცა "ძლიერ დამოკიდებული ბიზნეს ან პოლიტიკურ ინტერესებზე და ძირითადად ასახავს პოლარიზაციას მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის".
„ODHIR-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბარში ზოგიერთმა შეშფოთება გამოთქვა მედია გარემოს გაუარესების, ჟურნალისტების წინააღმდეგ სავარაუდო დაშინებისა და ძალადობის შემთხვევების გამო. საარჩევნო კოდექსი მოითხოვს მაუწყებლებისგან, უზრუნველყონ კამპანიის სამართლიანი და მიუკერძოებელი გაშუქება", - ნათქვამია დოკუმენტში.
ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ამ დროისთვის მუნიციპალურ არჩევნებზე დამკვირვებლად 64 ადგილობრივი და 29 საერთაშორისო ორგანიზაცია დარეგისტრირდა.
"ODHIR-ს სადამკვირვებლო მისიასთან საუბარში შეშფოთება გამოთქვეს ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის პრაქტიკის გამო, რომლითაც ხელოვნურად ზრდიან საარჩევნო უბნებზე თავიანთ წარმომადგენლობას არაპარტიული მოქალაქეების მიერ არჩევნებზე დაკვირვების საფარქვეშ", - აღნიშნულია ანგარიშში.
დოკუმენტში საუბარია ასევე ეთნიკურ უმცირესობებთან დაკავშირებით.
"ეროვნული უმცირესობის რამდენიმე წარმომადგენელი კენჭს იყრის მერობის და საკრებულოს წევრობის კანდიდატად, ძირითადად უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში. საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს საარჩევნო ბიულეტენების, ამომრჩევლებისთვის ინფორმაციის მიწოდებას, ასევე საარჩევნო უბნების პერსონალისთვის ტრენინგებს უმცირესობების ენებზე", - აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშში ასევე საუბარია გასაჩივრების წესზე და ხაზგასმულია, რომ ODHIR-ს წინა რეკომენდაციების შესაბამისად, საჩივრების წარდგენის და განხილვის ვადები გაიზარდა.
„არჩევნებში მონაწილე კონკურენტებს და დამკვირვებლებს შეუძლიათ, შეიტანონ საჩივრები საარჩევნო კომისიებსა და სასამართლოებში და პირველად, შესაძლებელია საჩივრების ელექტრონული ფორმით წარდგენა. ზოგიერთი სხვა რეკომენდაცია სრულად არ არის გათვალისწინებული, მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიისა და ცესკოს თავმჯდომარეების უფრო ფართო სამართლებრივი მდგომარეობისა და უფლებამოსილების შესახებ იმისთვის, რომ განიხილონ გარკვეული საჩივრები",- აღნიშნულია დოკუმენტში.
ანგარიშში ასევე წერია, რომ დღეისთვის შეტანილია დაახლოებით 120 საჩივარი, ძირითადად პროცედურულ საკითხებზე, სახელმწიფო რესურსების ბოროტად გამოყენებაზე, კანდიდატთა რეგისტრაციასა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების დანიშვნაზე, თუცა მათი უმეტესობა არ დაკმაყოფილდა.
ცნობისთვის, ODIHR-ის სადამკვირვებლო მისია საქართველოში 26 აგვისტოს დაიწყო. მისიის ხელმძღვანელი ალბერტ ჯონსონია. ორგანიზაციის სადამკვირვებლო მისიის ძირითად გუნდში 12 ექსპერტი იქნება, რომლებიც თბილისში იქნებიან დაფუძნებული. 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა ადგილას 4 სექტემბრიდან მუშაობს. მოკლევადიანი დამკვირვებლები კი საქართველოში 29 სექტემბერს ჩამოვლენ.