კევინ ჰამილტონი თბილისში: ბუქარესტის სამიტზე მეტად, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლია მნიშვნელოვანი

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის ახლად დანიშნული სპეციალური წარმომადგენელი კევინ ჰამილტონი თბილისში ვიზიტით იმყოფებოდა.


მან შეხვედრები გამართა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან. იმყოფებოდა საოკუპაცი ხაზთან. სტუმრობდა NATO-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრს (JTEC).


როგორც ჰამილტონმა განაცხადა, საქართველოს თავდაცვის მინიტრთან შეხვედრაზე განიხილა NATO-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) ფარგლებში მიღწეული პროგრესი, ასევე  — უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში ურთიერთობების სამომავლო დღის წესრიგი.“


ალიანსის გენმდივნის სპეცწარმომადგენელმა საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან შეხვედრის შემდეგ, სოციალურ ქსელში დაწერა, რომ მას „NATO-საქართველოს ურთიერთობებზე, თბილისში კონსტრუქციული და დეტალური განხილვა ჰქონდა.“ 


„შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს NATO-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგი. საუბარი შეეხო ალიანსთან პოლიტიკური დიალოგის და პრაქტიკული თანამშრომლობის მნიშვნელობას. ხაზი გაესვა, NATO-ს მხარდაჭერას ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით.


ყურადღება გამახვილდა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე, გლობალურ გამოწვევებზე და საქართველოსთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობაზე. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას.


კევინ ჰამილტონმა მადლობა გადაუხადა ქართულ მხარეს საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში შეტანილი წვლილისთვის და გამოხატა ალიანსის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი,“ - წერია თავის მხრივ, საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.


რაც შეეხება საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ოძისში ვიზიტს, ჰამილტონის თქმით, NATO ყოველთვის მხარს დაუჭერს ერთიან, თავისუფალ საქართველოს — საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.


  • „საქართველოსთან სამხედრო თანამშრომლობის დონე და კომპლექსურობა ძალიან, ძალიან მაღალია. თუმცა აქ ერთი საკითხიცაა: ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის გარკვეული ნაწილი კონკრეტული მოკავშირე ქვეყნების მიერ ფინანსდება და არა მთლიანად NATO-ს ალიანსის მიერ. ამ ინდივიდუალური მოკავშირეებიდან ზოგიერთმა გადაწყვიტა, ნაწილობრივ შეეჩერებინა ან შეემცირებინა ეს თანამშრომლობა. ასე რომ, ეს უკვე ის სივრცეა, სადაც პოლიტიკური პრობლემები სამხედრო სფეროშიც “გადაიღვრება.”

ცხადია, როგორც NATO-სთვის, ისე საქართველოსთვის, როგორც NATO-ს პარტნიორისთვის, საუკეთესო რამ იქნებოდა, თუ ამ კონკრეტული სამხედრო აქტივობების სრულად აღდგენას შევძლებთ. თუმცა ამას ქართული მხრიდან შესაბამისი ქმედებები დასჭირდება.


„პრაქტიკული გადმოსახედიდან, ვიტყოდი, რომ საქართველო დღეს უფრო ახლოსაა NATO-სთან ვიდრე 10 წლის წინ იყო. ჩვენი ინსტიტუციური და სამხედრო თანამშრომლობის სიღრმისა და კომპლექსურობის კუთხით საქართველო ნატოსთან უფრო ახლოს არის. ეს კავშირები მხოლოდ გაღრმავდა. ამასთან, დღევანდელ გეოპოლიტიკურ გარემოში, გულწრფელად რომ ვთქვათ, NATO-ს გაფართოების მიმართ დიდი ენთუზიაზმი არ არსებობს - არც საქართველოს და არც სხვა რომელიმე ქვეყნის შემთხვევაში.


მაგრამ ჩვენს ქართველ პარტნიორებს იმასაც ვურჩევდი, რომ მხოლოდ წევრობაზე ან გაწევრიანების პროცესზე ზედმეტად არ კონცენტრირდნენ. ჩვენ გვაქვს უამრავი ინსტრუმენტი პრაქტიკული და პოლიტიკური თანამშრომლობისთვის უკვე არსებული ფორმატების ფარგლებში. სრული წევრობის მიღმაც ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია,“ - განაცხადა ჰამილტონმა მოგვიანებით რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში.


ბუქარესტის სამიტის დაპირება [რომ საქართველო გახდება ალიანსის წევრი] ისევ ისეთი შეუქცევადია?


ჰამილტონის თქმით, ბუქარესტის სამიტზე მეტად, ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლია მნიშვნელოვანი, რადგან სწორედ ის განსაზღვრავს „ღია კარის“ პოლიტიკას: 


„ეს NATO-ს დნმ-ის ნაწილია. მაგრამ ამის გარდა, დიახ - ბუქარესტის სამიტის გზავნილიც კვლავ ძალაში რჩება. კონკრეტული ვადები არ არსებობს, თუმცა NATO-ს მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ნება და განზრახვა არსებობს.


საქართველო, მიუხედავად ნებისმიერი პრობლემისა ამა თუ იმ მთავრობის პირობებში, NATO-სთვის მაინც უკიდურესად მნიშვნელოვანი პარტნიორია. და ეს არის პარტნიორობა, რომლის შენარჩუნებაც და წინ წაწევაც გვინდა.“


  •  [რედ] ვაშინგტონის ხელშეკრულების მე-10 მუხლი: „მხარეებს შეუძლიათ, ერთსულოვანი შეთანხმებით მოიწვიონ ნებისმიერი სხვა ევროპული სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია, ხელი შეუწყოს ამ ხელშეკრულების პრინციპებს და წვლილი შეიტანოს ჩრდილოატლანტიკური რეგიონის უსაფრთხოებაში, რათა შეუერთდეს ამ ხელშეკრულებას. ნებისმიერი ასეთი მოწვეული ქვეყანა NATO-ს წევრი ხდება მაშინ, როცა თავისი გაწევრიანების ოფიციალურ დოკუმენტს შეერთებული შტატების მთავრობას გადასცემს. შეერთებული შტატების მთავრობა თითოეულ მხარეს აცნობებს ასეთი გაწევრიანების დოკუმენტის დეპონირების შესახებ.“