სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრი და რელიგიათა საბჭოს წევრი რელიგიური გაერთიანებები მედიაში გავრცელებული საიდუმლო მასალების შესახებ განცხადებას ავრცელებენ და საიდუმლო მოსმენების, თვალთვალისა და პირადი ცხოვრებით შანტაჟის პრაქტიკას გმობენ.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მედიით გავრცელებული მასალების მიხედვით, ცნობილი გახდა, რომ განსახვავებული რელიგიური ჯგუფებისა და მათი უფლებების დამცველების საქმიანობის შესწავლა მიმდინარეობდა კონტრდაზვერვითი ღონისძიებების მეშვეობით, თითქოსდა სახელწმიფოსა და საქართველოს საპატრიარქოს რეპუტაციისა და ერთიანობის წინააღმდეგ საქმიანობის გამოვლინების კონტექსტში.
"მოვუწოდებთ მედიას დაიცვან ფაილებში მოხსენიებული პირები და განსაკუთრებით არასრულწლოვნები პირადი ცხოვრების გასაჯაროებისგან. რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლები და უფლებადამცველები, ყველა ადამიანი, რომელიც უკანონო თვალთვალისა და მოსმენის მსხვერპლი გახდა, თავს საქართველოში ვეღარ იგრძნობს დაცულად და უსაფრთხოდ.
გაოგნებულები ვართ მომხდარით და გამოვთქვამთ უკიდურეს პროტესტს გავრცელებული საიდუმლო ფაილებისა და მასში არსებული ინფორმაციის გამო.
როგორც მედიის მიერ მოპოვებული მასალებით გახდა ცნობილი, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ახორციელებდა უკანონო და ყოვლისმომცველ მოსმენასა და თვალთვალს სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოსა და ტოლერანტობის ცენტრის საქმიანობაზე, ყველა რელიგიური ორგანიზაციის ლიდერზე, სასულიერო პირებზე, მრევლზე, მათი ოჯახის წევრებსა და ახლობლებზე, - მათ შორის არასრულწლოვნებზე, ყველაზე, ვინც მათთან ამა თუ იმ ფორმით იყო დაკავშირებული, განურჩევლად იმისა, რელიგიურ უმცირესობას თუ უმრავლესობას მიეკუთვნებიან ისინი.
ამავდროულად, გავრცელებული მასალების მიხედვით, შეგვიძლია გამოვიტანოთ დასკვნა, რომ რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და რელიგიის თავისუფლების დამცველების წინააღმდეგ შემუშავებული იყო მათი საქმიანობისა და პირადი ცხოვრების მადისკრედიტირებელი საგანგებო ღონისძიებები.
გავრცელებული მასალები შეიძლება მეტყველებდეს მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ხელისუფლება, უსაფრთხოების სამსახურის მეშვეობით, ჩადიოდა უმძიმეს დანაშაულს ადამიანის, საკუთარი მოქალაქეების, ყველა რელიგიური გაერთიანების, სამოქალაქო საზოგადოების, საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სახელმწიფოს დემოკრატიული და სეკულარული წყობის წინააღმდეგ", - წერია წერილში. წერილის ავტორები არ გამორიცხავენ სამართლებრივი გზების მოძებნას მომხდარის წინააღმდეგ საბრძოლველად.
წერილს ხელს აწერენ შემდეგი ორგანიზაციები:
სახალხო დამცველთან არსებული ტოლერანტობის ცენტრიქართველ მუსლიმთა კავშირი
სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო
ლათინ კათოლიკეთა ამიერკავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია
ევანგელურ ბაპტისტური ეკლესიასახარების რწმენის ეკლესია
ხსნის არმია
ევანგელური ეკლესია
სიცოცხლის სიტყვა
საქართველოს ევანგელისტური ეკლესია
დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია
აჰმადია მუსლიმები გაერთიანება
მეგობართა საზოგადოება - კვაკერებისვედენბორგის რელიგიური საზოგადება