როდესაც შემთხვევით კითხულობ ამბავს - უინსტონ ჩერჩილის ქართველი მრჩეველი და დიდი ბრიტანეთის კონტრდაზვერვის პოლკოვნიკი მერაბ კვიტაშვილი, ასეთი ისტორიის მიმართ გულგრილი ვერ დარჩები. განსაკუთრებულ ყურადღებას იქცევს მისი როლი თეირანის ისტორიულ კონფერენციაზე და მისი დაპირისპირება ლავრენტი ბერიასთან.
ზემოთ ჩამოთვლილი სტატუსების გარდა, მერაბ კვიტაშვილი იყო სამთო ინჟინერი და 1963 წელს რადიო "ამერიკის ხმის" ქართული რედაქციის დირექტორი. ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ გადასახლდა, სადაც ნიკო რაჭველის ფსევდონიმით ცხოვრობდა. ის ასევე იყო პარიზში დაარსებული ჟურნალის "ბედი ქართლისა" კორესპონდენტი.
Europetime-ს მერაბ კვიტაშვილის საიდუმლოებით მოცულ და მრავალფეროვან ცხოვრებაზე ისტორიკოსი, ქართული ემიგრაციის ისტორიის მკვლევარი, პროფესორი რუსუდან დაუშვილი ესაუბრა, რომელიც მრავალი წელი მუშაობდა უინსტონ ჩერჩილის ქართველი მრჩევლის ბიოგრაფიის და საქმიანობის კვლევაზე.
მერაბ კვიტაშვილის გზა ჩერჩილის პირად გარემოცვამდე
მერაბ კვიტაშვილი 1902 წელს დაიბადა. მამამისი, სიმონ კვიტაშვილი იმ დროის ცნობილი ბიზნესმენის, აკაკი ხოშტარიას ნავთობკომპანიის ერთ-ერთი დირექტორი იყო ბაქოში. დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ქართველი პოლკოვნიკი სწორედ ბაქოში გაიზარდა. 1918 წელს, თბილისში, ახალ დაფუძნებულ უნივერისტეტში, საბუნებისმეტყველო ფაკულტეტზე ჩაირიცხა. სიმონ კვიტაშვილმა ნავთობ მრეწველობის ბრიტანულ კომპანიაში დაიწყო მუშაობა და მალევე ოჯახთან ერთად ლონდონში, საცხოვრებლად გადავიდა.
როგორც ისტორიკოსი რუსუდან დაუშვილი გვიამბობს, ინგლისში მათ გვარი შეიცვალეს, კეის გვარით იწერებოდნენ. ინგლისის დელეგაციამ სწორედ ქეის გვარით წარადგინა 1943 წელს, თეირანის ისტორიულ კონფერენციაზე, სადაც ლავრენტი ბერიამ მაშინვე ეჭვი შეიტანა მასში, მიუხედავად დახვეწილი ლონდონური საუბრის მანერისა და ინგლისური ჩაცმულობისა.
„როდესაც ინგლისში გადასახლდნენ, მერაბ კვიტაშვილი ოქსფორდის ირუელის კოლეჯში ჩაირიცხა. სწავლის ფულს ინგლისური ფირმა იხდიდა, რომელშიც მამამისი მუშაობდა. 1921 წელს საქართველოს ოკუპაციის შემდეგ, ფირმამ დაფინანსება შეუწყვიტა, ამიტომ მერაბი ბირმინჰემის უნივერსიტეტში გადავიდა და სამთო ტექნოლოგიების ფაკულტეტი დაამთავრა.
როგორც სამთო ინჟინერი, ბრიტანეთის იმპერიის დაქვემდებარებაში მყოფ რამდენიმე ქვეყანაში მუშაობდა, სხვადასხვა კონტინენტზე. როცა მეორე მსოფლიო ომი დაიწყო, აფრიკაში, განაში ოქროს მადნის გადამამუშავებელი ქარხნის დირექტორად მუშაობდა. დირექტორის თანამდებობა დატოვა და ბრიტანეთის არმიაში მოხალისედ ჩაირიცხა.
1942 წელს, როდესაც გერმანელები კავკასიას მიუახლოვდნენ, ჩერჩილმა ჩათვალა, რომ საჭირო იყო კავკასიაში ანტიგერმანული განწყობების შექმნა. ამ მიზნით მან თავის ხალხს 76 გვერდიანი კითხვარის შედგენა დაავალა. ეს კითხვარი შესავსებად, საბჭოთა კავშირის მცოდნე პირებს დაურიგდათ. შევსებული ანკეტები გადაარჩიეს და მათი ყურადღება მერაბ კვიტაშვილის ანკეტამ მიიქცია. ქართველი ოფიცრის პასუხებში, ძალიან დაწვრილებით და ძალიან კარგად იყო გაანალიზებული სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნის, განსაკუთრებით საქართველოს პოლიტიკური ორიენტაციის საკითხი“, - აღნიშნავს მკვლევარი რუსუდან დაუშვილი.
მერაბ კვიტაშვილი თავის მემუარებში წერდა: "დიდი ბრიტანეთის სარდლობა საგონებელში ჩავარდა. გასარკვევი გახდა ის პრობლემა, თუ რა მოხდებოდა კავკასიაში გერმანელების ჯარების შემოსვლის შემთხვევაში. დაიწყებოდა პარტიზანული ბრძოლები გერმანიის წინააღმდეგ, როგორც ეს დაიწყო ბელორუსიაში, უკრაინასა და რუსეთში, თუ კავკასიელები გულთბილად შეხვდებოდნენ გერმანელებს?! ამ საკითხზე ინფორმაციის მოკრების მიზნით დიდი ბრიტანეთის სარდლობამ ინგლისის არმიაში მომსახურე კავკასიური წარმოშობის სამხედრო თანამშრომლებს დაგვირიგა 16 პუნქტისგან შემდგარი ანკეტა. მე დავწერე ვრცელი პასუხი. ჩემი პასუხის მთავარი მიზანი იყო, დამერწმუნებინა დიდი ბრიტანეთის სარდლობა, რომ ჯერ ერთი, კავკასია არ იყო მთლიანი მონოლითი და მეორეც ის, რომ სახელმწიფოებრიობის მატარებელი კავკასიის ერები, კერძოდ ქართველები, სომხები და აზერბაიჯანელები იმ სახელმწიფოს დაუჭერდნენ მხარს, რომელიც დაასწრებდა ამ ხალხებისათვის რუსების მიერ წართმეული პოლიტიკური თავისუფლების შეთავაზებას. აღვნიშნე, რომ გერმანიის არმიასთან კავკასიელთა და, კერძოდ ქართველების თანამშრომლობა გამოწვეულია არა ფაშიზმისადმი, როგორც იდეოლოგიისადმი მათი სიმპათიით (თუ სიმპათია–ანტიპათიაზე მიდგა საქმე, ქართული კულტურისა და სახელმწიფოებრიობის დემოკრატიული ტრადიციები გამორიცხავდა ფაშიზმისადმი თანაგრძნობას), არამედ სამშობლოს განთავისუფლების მიზნით" -წერს ჩერჩილის ქართველი მრჩეველი.
რუსუდან დაუშვილის თქმით, როგორც აღმოჩნდა, ქართველი ოფიცრის ამ მოსაზრებამ და მისმა პიროვნებამ ბრიტანეთის არმიის სარდლობა, შემდეგ კი პოლიტიკური ელიტაც დააინტერესა. ამას ხელს უწყობდა მერაბ კვიტაშვილის განათლება და გამოცდილება. რამდენიმე ენის სრულყოფილად ცოდნა, სამთო საინჟინრო განათლება, სამხედრო კარიერა. ამიტომ ის დიპლომატიურ სამსახურში მიიწვიეს.
1943 წელს ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის უინსტონ ჩერჩილის მრჩეველი გახდა საბჭოთა კავშირის საკითხებში და თეირანის კონფერენციაზე ბრიტანეთის დელეგაციაში ჩარიცხეს. იმ დროისთვის მას კაპიტნის წოდება ჰქონდა.
ვინ გადაარჩინა დიდი ბრიტანეთი დაზვერვის ქართველი პოლკოვნიკი ლავრენტი ბერიას შეკვეთილი თავდასხმებისგან
სწორედ მერაბ კვიტაშვილის მემუარებიდან ვიგებთ, რომ თეირანში, ჩერჩილის, რუზველტის და სტალინის შეხვედრაზე, პოლკოვნიკი ნიკოლას კეის სახელით წარადგინეს.
პროფესორი რუსუდან დაუშვილი დიდი ბრიტანეთის დაზვერვის ქართველი პოლკოვნიკის მემუარებზე დაყრდნობით, ისტორიული კონფერენციის, აქამდე უცნობ დეტალებს გვიამბობს.
„მოგეხსენებათ 1943 წლის ნოემბერში, თეირანში სამი დიდი სახელმწიფოს მეთაური შეიკრიბა. ამერიკის პრეზიდენტი თეოდორ რუზველტი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უინსტონ ჩერჩილი და საბჭოთა კავშირის გენერალური მდივანი იოსებ სტალინი. აქ პირველად შედგა საუბარი მათ მოკავშირეობაზე და მერაბი იქ იმყოფებოდა, როგორც ჩერჩილის ადიუტანტი და მხლებელი. იმ შენობაში სადაც დაბინავდა ინგლისის დელეგაცია, პრაქტიკულად ის ხელმძღვანელობდა დაცვას. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ის თეირანში წაიყვანეს იყო, ის რომ მისი ერთ-ერთი და, თამარი სპარსელ არისტოკრატზე იყო გათხოვილი და კვიტაშვილმა ინგლისურის, ქართულის და რუსულის გარდა, სპარსული ენაც კარგად იცოდა.
საბჭოთა კავშირის დელეგაციის დაცვა ძირითადად, ქართველებით იყო დაკომპლექტებული, რადგან ლავრენტი ბერია ხელმძღვანელობდა სტალინის დაცვას. ბერია ბაქოში დაიბადა, გაიზარდა, ამიტომ კარგად იცნობდა ბაქოელ ქართველებს. მიუხედავად დახვეწილი ლონდონური გამოთქმისა და ინგლისური ტანსაცმლისა, კვიტაშვილს მაშინვე შეამჩნია რაღაც ნაცნობი. მის ეჭვიან თვალებს არ გამოეპარა არაფერი და ქართველ კაპიტანზე ეჭვი მიიტანა. ერთ დღეს, მერაბ კვიტაშვილს მიადგა და პირდაპირ ჰკითხა ვინაობა. მერაბმა წინასწარ დამუშავებული ლეგენდა უამბო, რომ მამა ინგლისელი ჰყავდა, დედა კი ქართველი. ბერია ჩაეძია, სადაური მიქელაძეო. მერაბს აქ შეცდომა მოუვიდა და უთხრა რომ რაჭიდან. ბერია უფრო მეტად დაეჭვდა, რაჭაში მიქელაძეები არ არიანო. მეორე დღეს ისევ მიადგა და დეტალურად მოუყვა ვინ იყო და საიდან. მამის სახელი გვარი, ის რომ მისი ნათესავი მარიამ ორახელაშვილი-მიქელაძე, მაშინდელი განათლების მინისტრის, მამია ორახელაშვილის მეუღლე იყო.
ამ ამბის შემდგომ, ბერიას ხალხმა მერაბ კვიტაშვილზე ორჯერ მოაწყო თავდასხმა, ორივეჯერ ძლივს გადაურჩა სიკვდილს. მისი თანხლები პირებიდან ერთი დაიღუპა ერთი კი მძიმედ დაიჭრა. საქმეში ჩერჩილი ჩაერთო და სტალინს კატეგორიულად მოსთხოვა ბერიას თავი დაენებებინა მისი დელეგაციის წევრისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში ბრიტანეთის დელეგაცია თეირანს დატოვებდა. რა თქმა უნდა, სტალინმა ბერიას მითითება მისცა თავი დაენებებინა კვიტაშვილისთვის“, - მოუთხრობს Europetime-ს რუსუდან დაუშვილი.
მერაბ კვიტაშვილის პარიზული ქორწინება, ამერიკული ცხოვრება და საქმიანობა
რუსუდან დაუშვილის ცნობით, ომის შემდეგ მერაბ კვიტაშვილი ლონდონში დაბრუნდა. 1951 წელს პარიზში დაბადებულ რუს ემიგრანტ ირინა კედროვაზე იქორწინა, 1952 წელს კი, მეუღლესთან ერთად ამერიკაში, ნიუ–იორკში გადასახლდა.
„ერეკლე ორბელიანმა ის ვაშინგტონში "ამერიკის ხმის" რედაქციაში მიიწვია. იმავე წელს ნიკო რაჭველის ფსევდონიმით, ქართული რედაქციის დირექტორად დანიშნეს. მეტისმეტად დაძაბული ცხოვრების რიტმის გამო, რამდენჯერმე მოუვიდა გულის შეტევა, ამიტომ 1972 წელს პენსიაში გავიდა. ქორწინებაში მას ორი შვილი შეეძინა ელისო და მერი. ელისომ კაროლინის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტი დაამთავრა. შემდეგ ეკონომიკის დოქტორი გახდა, მერიმ ვირჯინიაში ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის გეოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. ისინი აშშ ცხოვრობენ. მერაბ კვიტაშვილი 1991 წლის იანვარში გარდაიცვალა “, - აღნიშნავს Europetime-თან საუბარში ისტორიკოსი.