ვაქცინაციის კამპანიას სჭირდება კიდევ უფრო მეტად გაძლიერება და არა გადაფარვა ნებისმიერი სხვა ალტერნატიული თემით, რაც არ უნდა მნიშვნელოვანი იყოს ის - სოციალური თუ პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე. ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოაგილემ თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც შეკითხვა დაუსვეს ვაქცინაციის კამპანიასთან დაკავშირებული ბანერის პოლიტიკური ნაწილით ჩანაცვლებაზე.
მისი თქმით, ვაქცინაციის კამპანია სრული სიმძლავრით უნდა გაგრძელდეს.
„ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ პოზიციას ემხრობიან. ის რომ, ბოლო პერიოდში დიდი აქცენტი გაკეთდა პოლიტიკური ბანერებით ვაქცინაციის ბანერების გადაფარვაზე, გასაგებია ეს ყველაფერი და კიდევ უფრო უკეთესი იქნება, რომ მეტი აქცენტი გაკეთდეს თავად ვაქცინაციის თემებზე. სხვანაირად ვერ დავუბრუნდებით და ავიღებთ იმ ტემპს, რომელიც გვინდა, რომ ვაქცინაციის პროცესში მივიღოთ. როგორ შეიძლება, ჯანდაცვის სამინისტროს პოზიცია იყოს პოზიტიური იმგვარ ქმედებასთან მიმართებით, რომელიც ნებსით თუ უნებლიედ აზარალებს ვაქცინაციის პროცესს. რა მოხდა, რატომ მოხდა, რამდენად დაირღვა ხელშეკრულების პირობები, ამაზე ორი მხარე იმსჯელებს, შეთანხმდება და დაავადებათა კონტროლის ცენტრს ეს საკითხი უკვე წამოწეული და დაწყებული აქვს“, - განუცხადა ჟურნალისტებს თამარ გაბუნიამ.
ამავე თემაზე:
ვაქცინაციის მაჩვენებლის კლებას თამარ გაბუნია საგანგაშოდ მიიჩნევს
NCDC ვაქცინაციის ბანერების პოლიტიკური ბანერებით შესაძლო ჩანაცვლების ფაქტს გმობს