NCDC კოვიდვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაუყონებლივ აღდგენას ითხოვს და შესაბამის წერილს კომპანია „ალმას“ უგზავნის. ტექსტი ვიდეომიმართვისას წაიკითხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ.
„NCDC-სთვის მასმედიის საშუალებებით ცნობილი გახდა, რომ გარე ბილბორდებზე განთავსებულ ბანერებზე, რომლების მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდებდა, სხვა შინაარსის ბანერები განთავსდა, რასთან დაკავშირებითაც დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა იმავე დღეს გააკეთა სათანადო განცხადება.
გვინდა შეგახსენოთ, რომ ეროვნული ცენტრი არის იმუნიზაციის მთავარი მხარდამჭერი ქვეყანაში. ამ მიზნით იყენებს სხვადასახვა სახის საინფორმაციო და მედია საშუალებებს და მოუწოდებს მოსახლეობას აცრებისკენ, რათა დაიცვან საკუთარი და მათი შვილების ჯანმრთელობა. ამ ფონზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მოწოდებებს ქვეყანაში.
სასიცოცხლოდ აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად აიცრას ქვეყნის მოსახლეობა, დაცული იყოს მათი სიცოცხლე და ჯანმრთელობა, ვინაიდან კოვიდპანდემიის დასრულების ერთადერთი გზა საყოველთაო ვაქცინაციაზე გადის. COVID19-ის პანდემიის პირობებში, როცა ყოველდღიურად ათასობით ადამიანი ავადდება და ათობით იღუპება, ამავდროულად, ვაქცინაციის პროცესს კლებადი ტენდენცია აქვს უკანასკნელი დღეების განმავლობაში, საკმაოდ ნეგატიური შედეგი ექნება ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერის ნებისმიერი სხვა შინაარსის ბანერით ჩანაცვლებას.
ამასთანავე, ჩვენ შორის არსებული სახელშეკრულებო პრაქტიკის მიხედვითაც, ბანერების განთავსების ლოკაციის ცვლილებაც შესაძლებელია, მხოლოდ მხარეთა წინასწარი შეთანხმებით, რაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა. ბანერების შეცვლის თაობაზე, ინფორმაციის წინასწარ ცოდნის შემთხვევაში, ეროვნული ცენტრი ყველა შესაძლო საშუალებას გამოიყენებდა, რათა უპირობოდ გაგრძელებულიყო ბანერების განთავსების ყველა საჭირო ღონისძიება და მომხდარიყო ვაქცინაციის პოპულარიზაცია მოსახლეობის სოცოცხლის გადასარჩენად.
მოგიწოდებთ, უზრუნველყოთ, Covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის მხარდამჭერი ბანერების დაუყოვნებლივ აღდგენა, ვინაიდან პანდემიის პერიოდში, სწორედ იმუნიზაცია არის პანდემიის დასრულების რეალური საშუალება“, - ნათქვამია წერილში.
ამავე თემაზე:
„ალმა“ პოლიტიკურ ბანერებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
NCDC ვაქცინაციის ბანერების პოლიტიკური ბანერებით შესაძლო ჩანაცვლების ფაქტს გმობს