საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Moody’s-ი: 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზრდება

დღეს საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody’s-მა საქართველოს ეკონომიკის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.

ორგანიზაციამ საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგი უცვლელად Ba2 დონეზე დაადასტურა, ხოლო რეიტინგის მოლოდინი სტაბილურზე შეუნარჩუნა.

"რეიტინგის დადასტურება და სტაბილური პერსპექტივა განპირობებულია ფისკალური და მონეტარული ინსტიტუტების მიმდინარე განვითარებით, რამაც შესაძლებელი გახადა ეფექტური მაკროეკონომიკური პოლიტიკის საპასუხოდ პანდემიასთან დაკავშირებული ვარდნა. ასევე განხორციელდა სტრუქტურული რეფორმები საერთაშორისო სავალუტო ფონდთან "გაფართოებული ფონდის ოთხწლიანი პროგრამის" ფარგლებში, რამაც ხელი შეუწყო ეკონომიკის მოქნილობის შენარჩუნებას", - ნათქვამია ანგარიშში.

სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 7.3%-ით გაიზრდება, ხოლო მომდევნო წლებში კი 4-5%-ის ფარგლებში ეკონომიკური ზრდა არის ნავარაუდევი.

კომპანიის განცხადებით, ეკონომიკის ზრდას საფუძვლად უდევს 2021 წელს მოხმარების ფისკალური პოლიტიკის მხარდაჭერა და რეგიონალური ტურიზმის სტაბილური აღორძინების ნიშნები. ფულადი გზავნილები და არასამთავრობო ტურისტული ექსპორტი, როგორიცაა სასმელები, მანქანები და აღჭურვილობა.

Moody’s-ი მიიჩნევს, რომ საქართველოს მიერ ისეთი რეფორმების ჩატარება, როგორიცაა სახელმწიფო საწარმოების მმართველობის გაუმჯობესება, განათლების რეფორმა და გადახდისუუნარობის საქმის წარმოების სისტემის რეფორმირება, პოლიტიკური სირთულეების მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას გააუმჯობესებს.

სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ პანდემიური ეფექტი თანდათანობით იკლებს და საქართველოს სახელმწიფო ვალის მოცულობა 2020 წელს არსებული მშპ-ის 60%-დან, 2024 წლისთვის მშპ-ს 53%-მდე შემცირდება. ასევე შემცირებაა ნავარაუდევი მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მხრივაც, რაც მომდევნო პერიოდში პანდემიამდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს.

ინფლაციის მხრივ კი Moody’s-ი ეთანხმება ეროვნული ბანკის შეფასებას, რომ ამჟამად მკვეთრად გაზრდილი ინფლაცია (12.8%) 2022 წლიდან მის სამიზნე მაჩვენებელს 3%-ს დაუბრუნდება. ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სარეიტინგო სააგენტო საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის მოლოდინს “სტაბილურად” აფასებს. თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში თუკი ქვეყანაში ფისკალური მაჩვენებლები გაუარესდება და გაიზრდება საგარეო მოწყვლადობა, ქვეყნის საკრედიტო რეიტინგის მოლოდინი “ნეგატიურისკენ” შეიძლება გადაიხედოს.

რეიტინგზე მოქმედ ნეგატიურ ფაქტორთა შორის Moody’s-ი დაძაბულ პოლიტიკურ ვითარებას ასახელებს.

მათ შორის ხაზგასმულია, რომ საქართველოს მმართველი პარტიის - “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის ე.წ. “შარლ მიშელის” შეთანხმების ანულირება შესაძლოა ნეგატიურად აისახოს საქართველოს და მის ძირითად ტექნიკურ და ფინანსურ მხარდამჭერ საერთაშორისო ინსტიტუტებთან ურთიერთობაზე.

“მიმდინარე პოლიტიკური დაძაბულობა და პოლარიზებული პოლიტიკური გარემო ქვეყნის საკრედიტო რეიტინგისთვის უარყოფით რისკს წარმოადგენს. უკანასკნელ პერიოდში დაძაბულობა გაიზარდა მას შემდეგ, რაც შეთანხმება, რომელიც ევროკავშირის მედიაციით იყო მიღწეული და მიზნად ისახავდა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ წარმოქმენილი უთანხმოებების გადაჭრას, იყო ანულირებული მმართველი პარტიის - “ქართული ოცნების” მიერ. მომხდარმა ასევე შეიძლება მოახდინოს უარყოფითი გავლენა იმ მჭიდრო და ახლო ურთიერთობებზე, რომლებიც წარსულში საქართველოს ჰქონდა მის ძირითად ტექნიკურ და ფინანსურ მხარდამჭერ საერთაშორისო ინსტიტუტებთან,”- ნათქვამია Moody’s-ის მიერ გამოქვეყნებულ შეფასებაში.

ცნობისთვის, Moody’s-მა საქარ.თველოს Ba2 დონის საკრედიტო რეიტინგი 2017 წლის ბოლოს მიანიჭა