ჭყონდიდის ეპარქიაში ხმაური იყო. სალხინოს მამათა მონასტერში მისულ დეკანოზ ტარიელ რუხაძეს, რომელიც ეპარქიის ეკონომისტია, განკვეთილი სასულიერო პირები დაუპირისპირდნენ.
მიტროპოლიტ სტეფანე კალაიჯიშვილის მიერ ორი დღის წინ განკვეთილ ყოფილ საეკლესიო მსახურებსა და ეკონომოსს შორის გამართული შეხვედრა ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.
შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო.
სალხინოს, წაჩხურუსა და ბალდის მონასტრებში ახლად დანიშნული ეკონომიკური და ადმინისტრაციული საკითხების დროებითი განმკარგავი ტარიელ რუხაძე აცხადებს, რომ მონასტრებში არსებულ სიტუაციას ეცნობა და სწავლობს. მისივე თქმით, სალხინოში მისვლა ემსახურებოდა მხოლოდ არსებული მდგომარეობის შესწავლას.
როგორც ეკონომოსმა აღნიშნა, შეხვედრა უშედეგოდ დასრულდა. მისი თქმით, განკვეთილი ყოფილი საეკლესიო პირები ქონების დალუქვას არ დათანხმდნენ და აპირებენ, თვითონ მოუარონ იქაურობას.
სწორედ ამან გამოიწვია განკვეთილი სასულიერო პირების გაღიზიანება. საბოლოოდ, სიტუაცია მას შემდეგ განიმუხტა, რაც მეუფის წარგზავნილმა პირებმა კელია დატოვეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
შეგახსენებთ, რომ მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა სტეფანე კალაიჯიშვილმა ეპარქიის რამდენიმე სასულიერო პირი განკვეთა.