„ბუსტერ“ დოზა საქართველოში გვიანი პერსპექტივაა და მისი გამოყენება ამ ეტაპზე არ ხდება. იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, თსსუ პროფესორი, იაშვილის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში აცხადებს, რომ საქართველოში მესამე დოზით აცრა წელს არ იგეგმება. ივანე ჩხაიძის თქმით, მესამე დოზით ვაქცინაციას ძირითადად Pfizer-ის მწარმოებლები განიხილავენ.
„რვა თვე უნდა იყოს გასული მეორე დოზიდან, რომ „ბუსტერი“ გაიკეთო. თუ საქართველოში ასეთი გადაწყვეტილება მიიღება, ეს გვიან მოხდება, - განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა.
რაც შეეხება ვაქცინაციის პროცესს, არსებული ტემპის შენარჩუნების შემთხვევაში დეკემბრისთვის მივაღწევთ მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის ვაქცინაციას. თუმცა არის გარკვეული რისკები და აუცილებელია, მომდევნო კვირების განმავლობაში, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს რეგიონებზე, რადგან დისპროპორცია თბილისს, ბათუმს, ქუთაისსა და სხვა რეგიონებს შორის მართლაც შესამჩნევია, რეგიონებში აქტივობა ნაკლებია.
„ამიტომ არის აუცილებელი აქცენტის გაკეთება რეგიონის მოსახლეობაზე, მათ შორის ვსაუბრობ პედაგოგებისა და სამედიცინო პერსონალის აქტიურ ჩართვაზე. ქვეყანას შეუძლია, მარტივად მიაღწიოს მიზანს, სამუშაო ბევრია, ბევრი ადამიანია, რომელსაც ჯერ კიდევ ვერ გადაუწყვეტია ვაქცინაცია.
თავიდან, კორონავირუსის ჩინური ვარიანტის დროს საჭირო იყო მოსახლოების 60%-ის მოცვა, რა თქმა უნდა, რაც უფრო აგრესიულია მუტაცია და გადამდებია ვარიანტი, მით უფრო მეტი აცრაა საჭირო, ამიტომ ვამბობ, რომ საქართველოსთვის მინიმალური მიზანი არის 60%, მაგრამ კორონავირუსის „დელტა“ ვარიანტის გათვალისწინებით, უკვე ბევრი ქვეყანა მიუახლოვდა 80%-იან ზღვარს. იმისთვის, რომ დარწმუნებული ვიყოთ, ქვეყანაში პანდემია კონტროლს ექვემდებარება და ამ კონტროლის ქვეშ „დელტა“ ვარიანტი იყოს განხილული, უმჯობესია, 80%-იანი მოცვა მოსახლეობის“, - განუცხადა ივანე ჩხაიძემ Europetime-ს.
„40% მაინც უნდა იყოს აცრილი, რომ „ბუსტერ“ დოზაზე საუბარი დავიწყოთ“, - ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა. ამირან გამყრელიძის თქმით, მესამე დოზა რაღაც ეტაპზე ყველას დაგვჭირდება.
თავის მხრივ, კოლუმბიის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრის ქართველმა მკვლევარმა Europetime-თან ინტერვიუში საქართველოს მოსახლებასაც ურჩია, გაიკეთონ ვაქცინის „ბუსტერ“ დოზა, როცა ამის შესაძლებლობა იქნება.
„ბუსტერ“ დოზები პირველ რიგში ხელმისაწვდომია მაღალ განვითარებული ქვეყნებისთვის, სადაც უშუალოდ ხდება პროდუქცია. პირველ რიგში საუბარია მაღალი რისკის ქვეშ მყოფებზე, რადგან შეიძლება, ყველას არ ეყოს. ვიდრე ყველასთვის ხელმისაწვდომი გახდება, ამასაც დრო სჭირდება. სამწუხაროდ, მოდის ცივი სეზონი, ჩვენ მოგვიწევს გრიპის ვაქცინის გაკეთება და მოვუწოდებდი საქართველოშიც, რომ გაიკეთონ, რადგან გრიპის ვირუსის შემდეგ, როდესაც ორგანიზმი დასუსტებულია, კოვიდი შეიძლება ძალიან მძიმედ გადაიტანოს ადამიანმა“, - აღნიშნა ნატო ტეტელოშვილმა.
ამავე თემაზე
როდის დაიწყება საქართველოში „ბუსტერ“ დოზით ვაქცინაცია