საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვა საქართველოს ეკონომიკის შესახებ - რა წერია დოკუმენტში

სავალუტო ფონდის შეფასებით, 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა - 7.7%-ით, 2022-ში კი 5.8%-ით გაიზრდება. IMF-მა დღეს საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და არსებულ გამოწვევებზე. მიმოხილვაში საუბარია სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზეც, რასაც სავალუტო ფონდი საქართველოში კარგი მმართველობის და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შექმნის აუცილებელ წინაპირობებად მიიჩნევს.

„IMF-ის გუნდი აღნიშნავს, რომ გამჭვირვალე და ეფექტიანი სასამართლო სისტემა ქვეყანაში კარგი მმართველობისა და კარგი ბიზნესგარემოს უზრუნველყოფისთვის არის მნიშვნელოვანი. IMF-ის გუნდი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს სამართლებრივი სისტემის რეფორმის მნიშვნელობას. ხელისუფლებამ გადადგა არაერთი ნაბიჯი, რათა მოეხდინა სისტემის მოდიფიცირება და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების თანახმად დაენერგა მოსამართლეთა დანიშვნის უფრო გამჭვირვალე წესები, თუმცა ამ მიმართულებით თავად ვენეციის კომისია და საქართველოს განვითარების პარტნიორები რეფორმის სრულფასოვნად განხორციელების და მისი ბოლომდე მიყვანის აუცილებლობას უსვამენ ხაზს“, - ვკითხულობთ სავალუტო ფონდის მიმოხილვაში.

სტრუქტურული რეფორმების მიმართულებით არსებული რეკომენდაციები პრაქტიკაში ნელა ინერგება

„მთავრობამ 2019 წელს დაიწყო ფართომასშტაბიანი განათლების რეფორმა, რაც პედაგოგების კვალიფიკაციის ამაღლებას და კომპენსაციების გაცემას გულისხმობდა იმ მასწავლებლებისთვის, რომლებიც არ აპირებდნენ კომპეტენციის ამაღლებას, რის გამოც მათ სკოლები დატოვეს. ზოგადი განათლების სისტემის გარდა, მიმდინარეობს მუშაობა განათლების სისტემის სხვა მიმართულებების რეფორმებზე, მათ შორის პროფესიული განათლების რეფორმაზე, ამ მხრივ მუშაობა გრძელდება, თუმცა პანდემიის გათვალისწინებით, ეს სამუშაო შენელდა. კაპიტალის ბაზრის განვითარების მხრივ, საპენსიო სააგენტო ამოქმედდა და მან ლარში ნომინირებული ადგილობრივი დანაზოგების შექმნას უნდა შეუწყოს ხელი, თუმცა საპენსიო სააგენტო ჯერ განვითარების ადრეულ ეტაპზეა და ამ დრომდე ინვესტირება მხოლოდ საბანკო დეპოზიტებში მოახდინა. შედარებით უფრო დივერსიფიცირებული ინვესტიციები მომავალში მოსალოდნელია. ამასთანავე, იყო მცდელობა, განვითარებულიყო მედიაციის სისტემა, როგორც დავების განხილვის ალტერნატიული სივრცე.

ცნობისთვის, IMF-ის სამწლიანი პროგრამის ფარგლებში საქართველოს რამდენიმე ძირითადი რეფორმის დანერგვის ვალდებულება ჰქონდა აღებული; დღეს გამოქვეყნებულ მიმოხილვაში სავალუტო ფონდი ამ რეფორმების დანერგვის დაბალი ტემპის შესახებ საუბრობს.