პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, იმას, რაც დმანისში მოხდა, არავითარი გამართლება არ აქვს და დამნაშავეები აუცილებლად უნდა დაისაჯონ.
დღეს, დმანისში დაპირისპირებისას ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს. "ნაციონალური მოძრაობის" განცხადებით დაშავებულები მათი მხარდამჭერები არიან და დაპირისპირება პოლიტიკურ ნიადაგზე მოხდა.
ირაკლი კობახიძის თქმით, არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ ჩადის ასეთ ქმედებას და რომელი პარტიის წარმომადგენელია, დამნაშავეები უნდა დაისაჯონ.
"რუსთავი აბსოლუტურად სხვა შემთხვევაა, არაფერი საერთო არ აქვს ამას პოლიტიკასთან. რაც შეეხება დმანისს, რაც დმანისში მოხდა, ამას არ აქვს არავითარი გამართლება. რაც შეეხება პასუხისმგებლობას, პასუხისმგებლობას ამაზე აიღებენ ის პირები, რომლებიც არიან დამნაშავეები ამ ყველაფერში. ეს არის პირველი შემთხვევა ამ სამთვიანი კამპანიის პერიოდში, მე რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო დეგენერატმა ვიღაცა კაცმა დაჭრა ვიღაცა კაცი. რა პასუხისმგებლობა უნდა ავიღო ამაზე? შეხვედრებზე ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ვსაუბრობთ, არის ის, რომ ყველა შტაბმა მაქსიმალურად უნდა გააფრთხილოს აქტივისტები, რათა მშვიდობიანი გარემო, რომელიც აქამდე მოვიტანეთ, და სამი თვის განმავლობაში არ ყოფილა არავითარი არსებითი ინციდენტი, ეს ყველაფერი შევინარჩუნოთ. აქედან იყო ძალიან მძიმე ამოვარდნა, რაც მოხდა დმანისში. რა თქმა უნდა, ეს იმსახურებს ძალიან მძიმე შეფასებას, საჭიროა კანონის მიხედვით სათანადო ზომების მიღება არა მარტო იმისთვის, რომ პასუხი გაეცეს ამ კონკრეტულ ქმედებას, არამედ იმისთვისაც, რომ პრევენციული ეფექტი ჰქონდეს ამ ყველაფერს და მომავალში არ განმეორდეს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც დმანისში, ოპოზიციის ერთ-ერთი კანდიდატი მოსახლეობას ხვდებოდა.
პარტია „პროგრესი და თავისუფლების“ ლიდერის, კახა ოქრიაშვილის ინფორმაციით, დაჭრაში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატის შვილი და პარტიის სხვა მხარდამჭერები მონაწილეობდნენ.
ამავე თემაზე:
დმანისში, სოფელ განთიადში ხმაური და დაპირისპირებაა