საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საქართველოს, რეგიონის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი უმუშევრობა აქვს

სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველოს, რეგიონის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე მაღალი უმუშევრობა აქვს. IMF-მა საქართველოს ეკონომიკის შესახებ მორიგი მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომელშიც საუბარია საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და არსებულ გამოწვევებზე. მიმოხილვაში საუბარია სასამართლო რეფორმის აუცილებლობაზეც, რასაც სავალუტო ფონდი საქართველოში კარგი მმართველობის და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შექმნის აუცილებელ წინაპირობებად მიიჩნევს.

ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს შორის, სავალუტო ფონდი კრიტიკულად მნიშვნელოვან საკითხად მიიჩნევს ქვეყანაში არსებულ მაღალ უმუშევრობის დონეს. ანგარიშში ნათქვამია, რომ COVID-19-ის პანდემიის შედეგად, ამ მხრივ არსებული ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა.

"2019 წლის მეოთხე კვარტლიდან, 2021 წლის მეორე კვარტლის ჩათვლით, საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 62,000 ათასით შემცირდა. ამ პერიოდის განმავლობაში უმუშევარი გახდა 90,000 ადამიანი, ხოლო დაახლოებით, 27,000 სამუშაო ძალას შეუერთდა. შედეგად, საქართველოში უმუშევრობა დაახლოებით 5 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და მან 22.1%-ს მიაღწია.

საქართველოში ახალგაზრდებში უმუშევრობა რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და უმუშევრების თითქმის ნახევარი 34 წელზე უმცროსია. საქართველოში ახალგაზრდებში უმუშევრობის დონე რეგიონის მასშტაბით მხოლოდ სომხეთს ჩამორჩება",- ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში.

ამავე თემაზე:

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიმოხილვა საქართველოს ეკონომიკის შესახებ - რა წერია დოკუმენტში