„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ ევროკავშირის ოფისში, ელჩებთან შეხვედრისას ფარულ მოსმენებზე საუბარი არ ყოფილა. შეხვედრიდან გამოსვლის შემდეგ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეხვედრაზე საარჩევნო საკითხები განიხილეს.
ასევე წაიკითხეთ: ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ოფისთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ
„რა დიპლომატიური სკანდალი?! სად არის დიპლომატიური სკანდალი?! არავითარი დიპლომატიური სკანდალი. ჩანაწერებთან დაკავშირებით, რომ დასმულიყო კითხვები, ვეტყოდით, რომ შეუძლიათ ეს ყველაფერი მოიკითხონ იმ ხალხთან, ვინც ტელევიზიებს აწვდის ამ ინფორმაციას და შემდეგ ვინც ამას აქვეყნებს. ესენი კონკრეტული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები არიან“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებს გუშინ განუცხადა, რომ საქართველოს ელჩი, ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ევროკავშირის სათავო ოფისში დაიბარეს ახსნა-განმარტებებისთვის.
„არ იქნებოდა ბუნებრივი, თუ ისეთი ახლო პარტნიორი და მეგობარი, როგორიც საქართველოა, ასეთი სახის აქტივობებში იქნებოდა ჩართული ჩვენს წინააღმდეგ. სწორედ ამიტომ, საქართველოს ელჩი ბრიუსელში სათაო ოფისში მიიწვიეს შეხვედრაზე“, - აღნიშნა ელჩმა და დაამატა, რომ საქართველოს ელჩს ევროკავშირის პოზიცია გააცნეს და შემდგომი ნაბიჯების მოთხოვნის თაობაზე განუცხადეს.
ქართული მედიის ინფორმაციით, ფარული ჩანაწერები საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის, ამერიკელი დიპლომატების, ისრაელის ელჩის რან გიდორის, ასევე საქართველოში განთავსებული დიპლომატიური მისიების თანამშრომლების საუბრებს შეიცავს.