აზიის განვითარების ბანკმა ვაქცინაციისთვის საქართველოსთვის $15 მლნ-იანი სესხი გამოყო. ეს ფინანსური რესურსი ქვეყანას დაეხმარება დაახლოებით 700,000 დოზა კოვიდვაქცინის, ასევე ნემსების, უსაფრთხოების ყუთებისა და ვაქცინაციისთვის საჭირო სხვა ნივთების შეძენასა და ჩამოტანაში.
ADB-ის პრეზიდენტმა მასაცუგუ ასაკავამ განაცხადა, რომ ვაქცინაცია კრიტიკულად მნიშვნელოვანია ვირუსის გავრცელებისა და მისით გამოწვეული გართულებების შესამცირებლად.
ასევე წაიკითხეთ: აზიის განვითარების ბანკმა საქართველოს $100 მლნ-იანი სესხი დაუმტკიცა
„ეს პროექტი საქართველოში ადამიანების სიცოცხლის გადარჩენას უზრუნველყოფს, შეამცირებს დაავადების გავრცელებასა და მისით გამოწვეულ სიკვდილიანობას და აღადგენს მოსახლეობის თავდაჯერებულობას. ADB სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს COVID19-ის უარყოფითი გავლენის მართვაში ჯანდაცვაზე, სოციალურ დაცვასა და ეკონომიკაზე და ეს პროექტი ქვეყნის პანდემიასთან გასამკლავებლად მიმართული ADB-ის სრული მხარდაჭერის მთავარი კომპონენტია“.
„ახლად დამტკიცებული პროექტი ADB-ის მიერ საქართველოს COVID19-ის საპასუხოდ გაწეული დახმარების კიდევ ერთი საფეხურია. ADB-მ საქართველოს უკვე გამოუყო $100 მილიონიანი სესხი მთავრობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სოციალური დაცვის მექანიზმებისა და დაზარალებული ბიზნესების მხარდაჭერის დასაფინანსებლად. $200 მილიონიანი საბიუჯეტო სესხი ქვეყნის სოციალური დაცვის, ფისკალური და ვალის მართვის სისტემების გასაძლიერებლად გამოიყო და $2.5 მილიონიანი გრანტი გაიცა ლაბორატიული სატესტო შესაძლებლობების გაუმჯობესებისა და სამედიცინო აღჭურვილობის შესაძენად“, - ნათქვამია ბანკის განცხადებაში.
ADB-ის დახმარება 300,000-ზე მეტი მოქალაქის, საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 8%-ს აცრას გახდის შესაძლებელს.
ამ დროისთვის ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 26%, ხოლო ორი დოზით აცრილია მთლიანი მოსახლეობის 20%.