ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, არცერთი ვაქცინა არ არის გაფუჭებული, გარკვეულ რაოდენობას ნოემბრის ბოლომდე აქვს ვადა და ეს არის დაახლოებით, 200 000 ვაქცინა, რომლის ათვისების გარანტიაც გვაქვს.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამასთან ერთად მნიშვნელოვანია გავრცელებული ინფორმაცია, რომელშიც FDA აღნიშნავს, რომ Pfizer-ის ვაქცინებს ვადა გაუხანრძლივდათ სამი თვით და მათი ვარგისიანობა 6-დან 9 თვემდეა გაზრდილი.
„აქედან გამომდინარე ეს რისკი არ არსებობდა და დღეის მდგომარეობით სრულიად მოხსნილია“, - აღნიშნა მინისტრმა ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში დამაკმაყოფილებელია.
„უნდა აღვნიშნოთ, რომ ქვეყნის მასშტაბით ეპიდსიტუაცია საერთო ჭრილში არის დამაკმაყოფილებელი. მნიშვნელოვანი განსხვავებებია რეგიონებში - შეინიშნება, რომ აჭარასა და თბილისში არის გაცილებით უკეთესი მაჩვენებელი, ვიდრე კახეთში. მნიშვნელოვანია, რომ ყველა ღონისძიება, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ტარდება იყოს ადეკვატური რეგიონების ჭრილში და ამისთვის ჯანდაცვის სამინისტროს ყველა სამსახური, ყველა სსიპ-ი მუშაობს დასტაბილურებისთვის და ერთგვაროვანი სიტუაციის შექმნისთვის, რათა ჩვენ შევძლოთ როგორც სწავლის გაგრძელება, ასევე სხვადასხვა ეკონომიკურ საქმიანობებზე დადებითი რეაგირება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ამავე თემაზე:
თენგიზ ცერცვაძე: Pfizer-ი ფუჭდება, ვადა გასდის და რას შვრებით, ხალხო, ადამიანი Pfizer-ს გააფუჭებს?