26 სექტემბერს საარჩევნო უფლების მქონე 60 მილიონზე მეტმა გერმანელმა ახალი პარლამენტი უნდა აირჩიოს. საარჩევნო უბანზე ამომრჩევლები ორ ბიულეტენს მიიღებენ: ერთი ხმით ისინი მათი საარჩევნო ოლქის კანდიდატს, ხოლო მეორე ხმით პარტიას დაუჭერენ მხარს. პარლამენტში შესასვლელად პარტიებს 5 პროცენტიანი ბარიერის გადალახვა მოუწევთ.
„ანგელა მერკელის ეპოქის დასასრული ევროპას ახალი რეალობის წინაშე აყენებს. როგორი იქნება პოსტ-მერკელისეული ევროპა? რა გავლენა შეიძლება იქონიოს გერმანიის ფედერალური პარლამენტის არჩევნებმა ევროპასა და მსოფლიოში მიმდინარე პროცესებზე? შენარჩუნდება თუ არა ერთიანი ევროპის წარმატების იდეა?“, - ამ საკითხებზე სასაუბროდ, ბუნდესტაგში დაგეგმილ არჩევნებამდე ორი დღით ადრე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა ონლაინ ვებინარს უმასპინძლა. Europetime-მა რამდენიმე მნიშვნელოვანი გზავნილი შეკრიბა და გთავაზობთ ახლა ამ ვებინარის მონაწილეთა ანალიზს.
მისი მონაწილე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ბერლინში ლიტერატურისა და კულტურის სწავლებათა ცენტრის უფროსი მკვლევარი, ზაალ ანდრონიკაშვილი მიიჩნევს, რომ გერმანია იმოძრავებს წინ, ევროკავშირთან ერთად, ევროკავშირში და შეასრულებს კიდეც სულ უფრო მზარდ როლს მისი ეკონომიკური ძალიდან გამომდინარე.
„ევროკავშირის როლი გაიზრდება არა იმიტომ, რომ ეს ვიღაცას უნდა, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ისტორიული აუცილებლობა. გერმანიის როლი ევროკავშირში არის განმსაზღვრელი, მისი წონა არის ძალიან დიდი. გერმანია ევროკავშირიდან არასდროს გამოვა, ეს სენტიმენტი აქ არ არსებობს. გერმანია იმოძრავებს წინ, ევროკავშირთან ერთად, ევროკავშირში და შეასრულებს კიდეც სულ უფრომ მზარდ როლს მისი ეკონომიკური ძალიდან გამომდინარე“, - აღნიშნავს ზაალ ანდრონიკაშვილი.
რაც შეეხება ტრანსატლანტიკურ ურთიერთობებს, ზაალ ანდრონიკაშვილის შეფასებით, მისი მომავალი ძირითადად ამერიკაზე იქნება დამოკიდებული და არა გერმანიაზე.
„ამ ინტერესების ცენტრი ევროპიდან გადადის წყნარ ოკეანეში და მოწინააღმდეგე იქნება ჩინეთი ევროკავშირისთვისაც და ამერიკისთვისაც. ის რომ, ჩინეთი იქნება ძირითად მოწინააღმდეგე ამერიკისთვისაც და ევროკავშირისთვისაც, ამან ისევ და ისევ შესაძლოა, რუკაზე გააჩინოს საქართველო. რუსეთს ევროკავშირი და აშშ ფუნდამენტური საფრთხის როლს არ ანიჭებენ, როგორიც მას ჰქონდა წინა საუკუნეში. ჩვენთვის რუსეთი ეგზისტენციალური მნიშვნელობის საფრთხეა და ეს არ უნდა დავაკნინოთ, მაგრამ გერმანიისთვის და აშშ-სთვის რუსეთმა პირველ ხარისხოვანი საფრთხის მნიშვნელობა დაკარგა, მაგრამ იმდენად რამდენადაც ჩინეთი გახდა ეს საფრთხე, აქ უკვე შეიძლება, ჩვენი გეოპოლიტიკური ხედვა დატრიალდეს და აღარ იყოს იმდენად მიბმული ჩრდილოეთზე, რამდენადაც იყო აქამდე“, - აღნიშნავს ილიას უნივერსიტეტის პროფესორი.
მისივე შეფასებით, გერმანია მსოფლიო პოლიტიკურ ასპარეზზე დღეს ბევრად მორიდებულად იქცევა, ვიდრე ეს მის წონას, განსაკუთრებით ეკონომიკურს შეესაბამება, რამაც შესაძლოა, პირდაპირი და უშუალო გავლენა მოახდინოს საქართველოზე.
„გერმანიაში არჩევნები ერთ-ერთი განმსაზღვრელია საქართველოსთვისაც და უფრო მეტი ინტერესი გვმართებს გერმანიის მიმართ, ვიდრე ჩვენს საზოგადოებაში არსებობს“, - აღნიშნავს ზაალ ანდრონიკაშვილი.
გერმანიაში მოღვაწე ქართველი პუბლიცისტი ვადის განმავლობაში ანგელა მერკელის მთავარ გადაწყვეტილებებზე მიუთითებს.
„ანგელა მერკელის ორ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას გამოვყოფდი, ერთი - ლტოლვილების მიღება 2015 წელს, მიგრანტების კრიზისის დროს, ეს არ იყო პოპულარული, თუმცა იყო ეთიკური გადაწყვეტილება, რომელმაც შეარყია მერკელის შეურყეველი პოპულარობა. მეორე, ეს იყო ბირთვულ ენერგიაზე უარის თქმა, მწვანე რევოლუცია გერმანიაში. მერკელი ძალიან კარგ კრიზის მენეჯერად ითვლებოდა და გერმანია გამოდის მერკელის ეპოქიდან, როგორც წამყვანი სახელმწიფო ევროკავშირში, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც დიდმა ბრიტანეთმა დატოვა ეს გაერთიანება.
მიუხედავად იმისა, რომ მერკელის პარტია არჩევნებში მოისუსტებს მას შემდეგ, რაც კანცლერობის კანდიდატი გახდა არმინ ლაშეტი, ვიცე-კანცლერს, ამჟამინდელ ფინანსთა მინისტრს ოლაფ შოლცს, რომელიც ასევე იყო კოალიციურ მთავრობაში, გარკვეულწილად, შეიძლება ითქვას, რომ მოსდევს წინა კანცლერის აურა. ის რომ, შოლცი იგებს არჩევნებს, დამოკიდებულია მასზე, როგორც პიროვნებაზე და არა სოციალ-დემოკრატების შეცვლილ პოლიტიკაზე, რომელიც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში ნამდვილად არ შეცვლილა. შეიძლება ითქვას, რომ ესეც მერკელის ეპოქის დანატოვარია“, - აღნიშნავს ზაალ ანდრონიკაშვილი.
წინასწარი გამოკითხვებით, არჩევნებში სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) კანდიდატი, ამჟამინდელი ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი იმარჯვებს, თუმცა გერმანიის კანცლერი შესაძლოა, ასევე გახდეს არმინ ლაშეტი, CDU/CSU-ს კანდიდატი, კონკურენტისგან მას 2-3% აშორებს. გამოკითხვის თანახმად, დღეისათვის, გერმანიის კანცლერს კითხვარში შეტანილი მსოფლიოს ხუთი ლიდერიდან ნდობის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს.
როგორც კვლევიდან ირკვევა, 67 წლის ანგელა მერკელისა და გერმანიისადმი მაღალ ნდობას განაპირობებს ის ფაქტი, რომ მისი ლიდერობით ქვეყანამ კორონავირუსის კრიზისს კარგად გაართვა თავი. გერმანიასა და მის ლიდერზე დადებით შეხედულებას განაპირობებს ასევე ბერლინის როლის გაძლიერება ევროკავშირში, რასაც ევროკავშირის შვიდ ქვეყანაში გამოკითხულ რესპონდენტთა 54% ეთანხმება.