როდის დაიწყება გრიპის ვაქცინაცია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მომავალ კვირაში დაიწყება. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

გამყრელიძის განცხადებით, პირველ ეტაპზე აიცრებიან სამედიცინო პერსონალი, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორსულები.

"მალე, ერთ კვირაში ჩვენ დამატებით გრიპის ვაქცინაციას დავიწყებთ, იმიტომ რომ გრიპი სადღაც, ნოემბერში უკვე გამოჩნდება და მზად უნდა ვიყოთ.

ჩვენ, სახელმწიფომ უკვე იყიდა 200 000 დოზა, აქედან 43 000 წინა კვირის დასასრულს შემოვიდა და ახლა უკვე ვემზადებით. პირველად სამი დიდი რისკ ჯგუფი აიცრება - სამედიცინო პერსონალი, დიალიზზე მყოფი პაციენტები და ორსულები. ალბათ, ოქტომბერში შემოვა დანარჩენი 150 ათასი დოზა ორ პარტიად და დანარჩენი რისკ ჯგუფებიც აიცრება.

მე ვიცი რომ კერძო სექტორს გარკვეული რაოდენობა ყოველწლიურად შემოაქვს რამდენიმე ათეული ათასი დოზა.

ზოგადად, სასიამოვნოა, რომ ქვეყანაში გრიპის აცრის კულტურა სულ უფრო და უფრო იზრდება. მოთხოვნილება იზრდება და ეს კარგია. ვფიქრობ, მომავალი კვირიდან დავიწყებთ გრიპის აცრებსაც“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მისი თქმით, შეიძლება ადამიანმა გრიპისა და კოვიდვაქცინა ერთ დღეს გაიკეთოს.

„თუ Pfizer-ი გაქვთ გაკეთებული, შეგიძლიათ, 1-2 კვირის შემდეგ გრიპის ვაქცინა გაიკეთოთ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ამავე თემაზე:

პაატა იმნაძე: გრიპის ვაქცინაცია ჩატარდება კოვიდვაქცინასთან ერთად, ან ორი კვირის ინტერვალით