„რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“ ჟურნალისტების სავარაუდო მოსმენებზე განცხადებას ავრცელებს

სულ მცირე, ხუთი ქართველი ჟურნალისტი ადასტურებს, რომ ისინი აღმოჩნდნენ იმ საყოველთაო უკანონო მოსმენების სამიზნეებს შორის, რომელიც, გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, საქართველოს საზოგადოების წარმომადგენლების წინააღმდეგ განხორციელდა, - ამის შესახებ ნათქვამია ორგანიზაციის "რეპორტიორები საზღვრების გარეშე" (RSF) განცხადებაში.

ორგანიზაციის განცხადებით, ჟურნალისტების თვალთვალის გამოძიება გამჭვირვალედ უნდა იყოს და სწრაფი შედეგებით უნდა დასრულდეს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ ათასობით ფაილი, რომელიც შეიცავს ამ მასობრივი მოსმენების სავარაუდო ჩანაწერებს, 12 სექტემბრის ღამეს გაავრცელა იმ ადამიანმა, რომელიც იდენტიფიცირებულია, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (SSG) ყოფილი თანამშრომელი. ფარული მოსმენების სამიზნეს წარმოადგენდნენ, როგორც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სამღვდელოება, ისე უცხოელი დიპლომატები, აქტივისტები და ჟურნალისტები.

"ეს სათვალთვალო ჩანაწერები, თუ მათი ნამდვილობა დადასტურდება, უკიდურესად შემაშფოთებელია მათი მასშტაბის გამო, ასევე უკანონო და მიუღებელია", - განაცხადა ჟანა კაველემ, RSF-ის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის მიმართულების ხელმძღვანელმა.

"ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს ეს უპრეცედენტო თვალთვალი და უზრუნველყოს, რომ პროკურატურის მიერ 14 სექტემბერს დაწყებული გამოძიება იყოს სრულიად გამჭვირვალე და დამოუკიდებელი", - ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციის განცხადებაში წერია, უკანონო თვალთვალის წინა შემთხვევების გამოძიება საქართველოში უშედეგოდ დასრულდა.

"ჩვენ ამჯერად სწრაფი რეაგირებისა და შედეგების იმედი გვაქვს", - ნათქვამია RSF-ის განცხადებაში.

RSF-ის 2021 წლის "პრესის თავისუფლების მსოფლიო ინდექსში" საქართველო 180 ქვეყნიდან მე - 60 ადგილზეა.