"არ ვაპირებთ ქედის მოხრას, არ ვაპირებთ უკან დახევას. ვაპირებთ გამარჯვებას 2 ოქტომბერს ქართველი ხალხის სახელით", - ამის შესახენ "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერმა და თბილისი მერობის კანდიდატმა ნიკა მელიამ ევროკავშირის ოფისთან მომხდარი დაპირისპირების შემდეგ გამართულ ბირიფინგზე განაცხადა.
ნიკა მელიას განცხადებით, რაც უფრო ახლოვდება არჩევნების დღე „ქართული ოცნება“ უფრო ისტერიული ხდება, თუმცა შიში მათ პოლიტიკური მარცხისგან ვერ იხსნის.
"ვერასოდეს შევეგუები, ვერც ბატონ კობახიძეს, ვერც ბატონ ივანიშვილს, ვერც ღარიბაშვილს რაც არ უნდა ზონდერები, რაც არ უნდა კრიმინალები, რაც არ უნდა დაშანტაჟებული ადამიანები ჰყავდეთ ამ ქვეყანაში, ვერასოდეს შევეგუები იმ სიტუაციას, რომელსაც გავყავართ დასავლური სივრციდან...
პატივია ჩემთვის ვიყო იმ ბრძოლის ავანგარდში, როდესაც ჩემი მოწინააღმდეგე არის არა პოლიტიკოსი, არა პოლიტიკური პარტია, არამედ არიან მოძალადეები, რომლებიც გამოიყენებენ ყველაზე შემზარავად ამორალურ სახეობას დანაშაულისას და ეს არის შანტაჟი და ფარული მიყურადება.
არ ვაპირებთ ქედის მოხრას, არ ვაპირებთ უკან დახევას. ვაპირებთ გამარჯვებას 2 ოქტომბერს ქართველი ხალხის სახელით და 2 ოქტომბრის შემდეგ ამ ქვეყანაში შესაძლებელი გახდება ნორმალური პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ცხოვრების წარმართვა.
ნურავის ნუ ექნება ილუზია, რომ 2 ოქტომბერს ჩვენ გავატანთ გამარჯვებას ბიძინა ივანიშვილს, ყველა უბანს დავიცავთ და ყველა შემაჯამებელ საარჩევნო ოლქს გამოვიტანთ ხელუხლებელს და საქართველო და ქართველი ადამიანი იზეიმებს გამარჯვებას მოძალადეებზე.
2 ოქტომბერს დაიწერება საქართველოს ისტორია, ჩვენ ყველანი ვწერთ ყველანი ისტორიას 2 ოქტომბერს. ვერც ერთი მოძალადე, ვერც ერთი კრიმინალი, ვერც ერთი პროვოკატორი ჩვენ ვერ გადაგვახვევინებს მართალი და ჭეშმარიტი გზიდან", - განაცხადა ნიკა მელიამ.
ამავე თემაზე:
ნიკა მელია და ირაკლი კობახიძე ევროკავშირის ოფისთან ერთმანეთს დაუპირისპირდნენ