საოკუპაციო ძალებმა საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან მოსაზღვრე სოფელ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 102-ე შეხვედრა მიმდინარეობს. მანამდე, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ე.წ. ბორდერიზაციის შემთხვევებსა და მოქალაქეების უკანონოდ დაკავებაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება.

შეხვედრის წინ ცნობილი გახდა, რომ 14 აგვისტოდან უკანონო პატიმრობაში იმყოფება საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე გელა გოჭოშვილი. ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, გელა გოჭოშვილი კასპის მუნიციპალიტეტიდან არის, გარკვეული დროის განმავლობაში, საქართველოში არ იმყოფებოდა, მისი ოჯახი კი, ახალგორში ცხოვრობს.

„სამწუხაროდ, დაკავების შესახებ ინფორმაცია გაზიარებული იყო დაგვიანებით. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, მას ედავებიან გარკვეულ კრიმინალურ აქტივობას“, - განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

მისივე განცხადებით, ინფორმაციას საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული გოჭოშვილის ამჟამინდელი სტატუსის შესახებ, დღევანდელ შეხვედრაზე მიიღებენ.

ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო პატიმრობაშია საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე გენადი ბესტაევიც. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრები 2019 წელს დააკავეს. ე.წ. „საზღვრის დარღვევის გამო“, ის ნარკოტიკის კონტრაბანდის ბრალდებით გაასამართლეს და სამწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს

ამ წლის განმავლობაში, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა უკანონოდ დააკავეს 33 მოქალაქე.

„მოგეხსენებათ, ასეთი ტიპის პროცესები საკმაოდ რთულია. ადრეც გვქონდა წარმატებული შემთხვევები, როდესაც დავაბრუნეთ ჩვენი მოქალაქეები. ასევე იყო შემთხვევები, როდესაც ეს პროცესი საკმაოდ დიდხანს გაიწელა. მთავარი ამოცანაა, რომ ასეთი საკითხების ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაწყვეტა მოხდეს, რადგან მისი პოლიტიზება კიდევ უფრო ართულებს ხოლმე ასეთი ნაბიჯების გადადგმას. კიდევ რამდენიმე შემთხვევა გვაქვს დარჩენილი და ამაზე მუშაობა გრძელდება. დეტალებზე საუბარი მიზანშეწონილი არ არის, ვიდრე არ დასრულდება ყველა ეს პროცესი, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ის ფორმატები, იქნება ეს ჟენევის ფორმატი თუ ინცინდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრები და ყველა მექანიზმი, მათ შორის ჩვენი პარტნიორების აქტიური ჩართულობა, ეს არის მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს ხოლმე პროცესის წარმატებით დასრულებას. კიდევ ერთხელ ვუსვამ ხაზს, მთავარია საკითხის ჰუმანიტარულ კონტექსტში გადაჭრა“, - აცხადებდა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილა ლაშა დარსალია Eeropetime-თან ექსლუზიურ ინტერვიუში, როდესაც ზაზა გახელაძის გათავისუფლებაზე შეკითხვას უპასუხა.