„სააკაშვილს დახვდება ასიათასობით მასზე გამწარებული, გაბრაზებული ადამიანი“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის შესაძლო დაბრუნებაზე საუბრისას განაცხადა. მას ჰკითხეს, ნიშნავს თუ არა ეს პასუხი, რომ მმართველი გუნდი ამ ხალხის მობილიზაციას აპირებს, ირაკლი ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ ეს ზოგადად თქვა.
მისივე თქმით, „როგორც კი, სააკაშვილი შემოდგამს ფეხს, მას დააკავებენ“.
„ეს კაცი უკვე რვა წელია, იმუქრება, ჩამოვალ, ჩამოვალ, და არ ჩამოდის. ვერ ჩამოდის იმიტომ, რომ მშიშარა კაცია. იცის, რომ ციხეში შევა. სააკაშვილის ერთადერთი მიზანი ჩვენი ქვეყნის არეულობის, დესტაბილიზაციის და ქაოსის შემოტანაა. ერთადერთი მისი სურვილი და მიზანი უკავშირდება ძალაუფლების დაბრუნებას, რაც მიუღწეველი ოცნებაა სააკაშვილისთვის და მისი მჩაგრველი, მკვლელი გუნდისთვის. დღეს, სახელმწიფო არის ძლიერი და მიხოს და მის ბანდას არ ეგონოს, რომ ეს 2003 წელია. ნებისმიერ პროვოკაციაზე ყველა მკაცრად აგებს პასუხს, კანონის ფარგლებში. დავუშვათ ჩამოვიდა ეს ლაჩარი კაცი, გამოაგდეს და ჩამოვიდა, ჩამოვიდა ღამით, რა უნდა მოხდეს: კანონის აღსრულებას ამ მიწაზე ვერავინ აღუდგება წინ. ვერ შეეწინააღმდეგება, ვინც შეეწინაღმდეგება, ისიც შევა ციხეში. ამის გარანტიას ვიძლევით კანონის და სახელმწიფოს სახელით. მეორე, რაც მინდა ვთქვა, რა თქმა უნდა სააკაშვილი არის მსჯარვდებული და ის იმსახურებს ციხეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მისივე თქმით, ყოფილი პრეზიდენტის მოწოდებები, რომ მას ხალხი დაიცავს, სიყალბეა.
„რისი თავი აქვს მაგ საცოდავს, 5000 კაცის მოგროვება ძლივს შეუძლიათ, ისიც პიკის დროს. ჩვენ გვკითხონ რამდენი მხარდამჭერის მობილიზება შეგვიძლია“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ექსპრეზიდენტმა გვიან ღამით გამოაქვეყნა ავიარეისის ბილეთი, რომელშიც ჩამოსვლის დროდ არჩევნების დღე, ორი ოქტომბერი და 23:05 საათია მითითებული.