საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს სამუშაო ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკას ეწვევა. მთავრობის მეთაურის ვიზიტი ბაქოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან პირისპირ შეხვედრით დაიწყება, რომელიც „ზაგულბას“ სასახლეში გაიმართება.
პირისპირ შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტი ალიევი, საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციის წევრებთან ერთად, სამუშაო სადილზე უმასპინძლებს.
სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით, ორი ქვეყნის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომა გაიმართება, რომლის დასრულების შემდეგ, თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდება. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ხელმძღვანელობს, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ილია დარჩიაშვილი იმყოფებიან.
ცნობისთვის, საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბაქოში დღევანდელ ვიზიტამდე, სომხეთ-აზერბაიჯანის მედიაციის საკითხში საკუთარ როლზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანს.
„30 წლის განმავლობაში ჩვენ პირველად, ჩემი მედიაციით და ჩვენი ამერიკელი მეგობრების ჩართულობით, შევძელით წარმატებული მედიაციის შექმნა ჩვენს მოძმე აზერბაიჯანთან და სომხეთთან. ეს ფაქტი მოწონებული იქნა ამერიკის მთავრობის, ევროკავშირის მხრიდან და არის წახალისებული პირად საუბრებში თუ საჯაროდ აღნიშნული ინიციატივის ბოლომდე მიყვანა და გაგრძელება.
მე ამ მიმართულებით ბოლომდე დავიხარჯები. ხვალ მიემგზავრები ბაქოში, მექნება შეხვედრა ბატონ ალიევთან, რომელსაც მე დიდ პატივს ვცემ დ მაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა და გვაქვს ნდობა, რაც მთავარია. და როცა ნდობა არსებობს ქვეყნებსა და ლიდერებს შორის ვფიქრობ, ყველა საკითხი გადაწყდება. ასეთივე ურთიერთობა მაქვს ბატონ ფაშინიანთან, რომელიც სულ რამდენიმე კვირის წინ იმყოფებოდა თბილისში. მეც ვაპირებ სომხეთში ჩასვლას უახლოეს მომავალში. ვფიქრობ, ამ მამართულებით მაქსიმალურად დავიხარჯები და გარკვეულ როლს შევასრულებ ორ ქვეყანას შორის”, - განაცხადა ღარიბაშვილმა „იმედის“ ეთერში.
ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი ღარიბაშვილს მედიაციის პროცესში მისი პირადი წვლილისთვის საქართველოში უკანასკნელი ოფიციალური ვიზიტის დროსაც გადაუხადა მადლობა.
ილჰამ ალიევის განცხადებით, სომხეთის პრემიერთან შეხვედრის წინააღმდეგი არ არის