„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ გაერთიანებული ოპოზიციის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე ისაუბრა ექსპრეზიდენტის ჩამოვლის საკითხზე.
„რატომ ავალებს „ქართული ოცნება“ რამდენიმე პროკურორს, რომ ნიადაგი მოამზადონ ახალი ბრალისთვის მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ეს თავად „ოცნებას“ უნდა ჰკითხოთ, მაგრამ პასუხის გასაცემად მათ დროც აღარ ექნებათ, სულ რამდენიმე დღე დარჩათ. სალომე ზურაბიშვილთან მიმართებით, როგორც ჩანს, ნდობა აღარ აქვთ და თეორიულად უშვებენ იმ შესაძლებლობას, რომ ზურაბიშვილმა, შესაძლოა, სააკაშვილი ერთი ხელმოწერით შეიწყალოს და ამით ყველა ბრალი, რომელიც არის ძალაში შესული, გაქარწყლდეს. დაზღვევის მიზნით, აქვთ მოფიქრებული ის, რაზეც ამ წუთას ვსაუბრობთ. „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ღელავენ და არარაციონალურად იქცევიან.
ნებისმიერი ჩვენგანი რომ ვიყოთ მიხეილ სააკაშვილის ნაცვლად, არ მგონია, რომ არ გვქონოდა საკუთარ ქვეყანაში ყოფნის სურვილი. დარწმუნებული ვარ, რომ თითოეულ ჩვენგანს ექნებოდა საკუთარ სამშობლოში დაბრუნების სურვილი. საუბარია ამ სახელმწიფოს მესამე პრეზიდენტზე, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა და დიდი ნაბიჯი გადადგა 2003-დან 2012 წლამდე სახელმწიფომ. მას არასდროს უარყვია, რომ ამ წარმატების კვალდაკვალ ბევრი და მძიმე შეცდომა დაუშვია წინა ხელისუფლებას. ეს არის ჩვენი, ახალი და განახლებული „ნაციონალური მოძრაობის“ მონაპოვარი, რომ ჩვენ არ ვერიდებით ამაზე საუბარს“, - განაცხადა ნიკა მელიამ.
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ შეწყალების უფლება სალომე ზურაბიშვილს აქვს, თუმცა, არ ჰგონია, შეიწყალოს. ნიკოლოზ სამხარაძე სააკაშვილის მიერ საქართველოში დაბრუნების დაანონსებას "ზღაპარს" უწოდებს.
„არ მგონია, სააკაშვილის ჩამოსვლა მომგებიანი იყოს ვინმესთვის. ისიც არ მგონია, რომ ჩამოვიდეს, ასეთი ზღაპრები მე-18 არის დაანონსებული. თუ ის მაინც ჩამოვა საქართველოში, მის მიმართ აღსრულებული იქნება ის განაჩენი, რაც სასამართლოს აქვს გამოტანილი.შეწყალების უფლება პრეზიდენტს კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, თუმცა, არ მგონია, სალომე ზურაბიშვილმა მისი პრეზიდენტობის რომელიმე მომენტში შეიწყალოს სააკაშვილი“, - განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.
ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გამოაქვეყნა ავიარეისის ბილეთი, რომელშიც ჩამოსვლის დროდ არჩევნების დღე, ორი ოქტომბერი და 23:05 საათია მითითებული. მმართველი გუნდი აცხადებს, რომ სააკაშვილს ჩამოსვლისთანავე დააკავებენ.
მმართველი გუნდი აცხადებს, რომ სააკაშვილს ჩამოსვლისთანავე დააკავებენ.
ამავე თემაზე: