არალეგალური ბინადრობა და თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნები დასავლეთ ბალკანეთის ზოგიერთი სახელმწიფოსგან, ასევე, მოლდოვიდან, საქართველოდან და უკრაინიდან, ევროკავშირში უვიზო მიმოსვლის შეჩერების შესახებ დისკუსიებს იწვევს.
ევროკავშირის შიდა დოკუმენტი, რომელიც 27 სექტემბრით არის დათარიღებული, Euobserver-მა, ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის დასავლეთ ბალკანეთის ტურის წინ მოიპოვა.
„თუ ეს ქვეყნები მცირე გაუმჯობესებას მაინც არ აჩვენებენ, ჩვენი აზრით, ევროკომისიამ ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, რომ ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურება რეალურია“, - წერია დოკუმენტში.
გამოცემა წერს, რომ, როგორც ჩანს, ფართო დისკუსიის ფონზე, საფრანგეთში, გერმანიასა და იტალიაში იმედგაცრუება იზრდება.
გერმანიაში საქართველოს მოქალაქეების მიერ თავშესაფრის მოთხოვნის შემთხვევები, 2019 წლის ბოლო სამი თვის ამავე პერიოდთან შედარებით, 51%-ით არის გაზრდილი.
მოლდოვის მოქალაქეების მიერ ამ წლის ივნისი-აგვისტოს მონაცემები შედარებულია 2019 წლის ივნისი-აგვისტოსთან, შედეგად, მონაცემი 429%-ით არის გაზრდილი.
შეგახსენებთ, მონტენეგროს, სერბეთისა და ჩრდილოეთ მაკედონიის მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზოდ მიმოსვლა 2009 წლიდან შეუძლიათ, ალბანეთსა და ბოსნია-ჰერცეგოვინის – 2010-დან, მოლდოვის - 2014-დან, საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებს კი - 2017-დან. მათ მოქალაქეებს ევროკავშირის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნა 90 დღის განმავლობაში შეუძლიათ.
უვიზო მიმოსვლას ევროკომისია განიხილავს როგორც მნიშვნელოვან მიღწევას ევროკავშირსა და დასავლეთ ბალკანეთის, ევროკავშირსა და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის ურთიერთობაში.
ცნობისთვის, ევროკავშირის საბჭომ და ევროპარლამენტმა 2016 წლის 7 დეკემბერს მიაღწიეს შეთანხმებას ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით, რაც ნებას რთავს ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს, დროებით შეაჩერონ უვიზო შეთანხმება ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან.
ასეთი განსაკუთრებული გარემოებებია: თავშესაფრის მსურველთა ყალბი განცხადებების უეცარი ზრდა, საგანგებო მდგომარება და ა.შ. შეჩერების მექანიზმი მოიცავს 9 თვეს, რომლის განმავლობაშიც ქვეყანა თანამშრომლობს ევროკავშირის ინსტიტუტებთან, რათა გადაიჭრას და არსებული ხარვეზები.
შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად ევროკომისიის მხრიდან თანხმობაა საჭირო.
ცნობისთვის, 2020 წლის თებერვალში, ევროკავშირის მიერ გამოქვეყნებლი ანგარიშის თანახმად, 2019 წელს საქართველოს მოქალაქეების მხრიდან თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების რაოდენობა ევროკავშირის/შენგენის ქვეყნებში გაიზარდა. 2021 წლის თებერვლის დოკუმენტში კი აღნიშნულია, რომ საჭიროა დაუყოვნებელი მოქმედებები უვიზო მიმოსვლის გამოწვევების მოსაგვარებლად - „განსაკუთრებით კი თავშესაფრის უსაფუძვლო მოთხოვნების დიდ რაოდენობასთან დაკავშირებით“, - წერია ევროკავშირის ანგარიშში, რომელიც საქართველოს მიერ, 2020 წლის განმავლობაში, ასოცირების შეთანხმების შესრულებას ეხება.
2020 წლის სექტემბერში, პარლამენტმა საქართველოს მოქალაქის მიერ ევროკავშირის-შენგენის სივრცის ქვეყანაში გამგზავრებასთან დაკავშირებული ცვლილებები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, საქართველოდან მგზავრებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მესაზღვრეების ნაცვლად ქართველი მესაზღვრეები გააკონტროლებენ. ამავე პერიოდში, საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი დარწმუნებული იყო, რომ არც საშუალოვადიან და არც გრძელვადიან პერსპექტივაში შეჩერების მექანიზმის ამოქმედების საფუძველი არ იარსებებდა.