„აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ, ამიტომ შეჩერების არანაირი მექანიზმი საქართველოსთან მიმართებით არ ამოქმედდება, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა ჟურნალისტების შეკითხვის საპასუხოდ, რომელიც Euobserver-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხებოდა.
როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა, სავიზო ლიბერალიზაციის ბოლო ანგარიშში უაღრესად პოზიტიურად არის შეფასებული საქართველოს მხრიდან ვიზალიბერალიზაციის შესრულება.
„მინდა, დავამშვიდო, დავაწყნარო ყველა და ასევე იმედი გავუცრუო იმ ადამიანებს, რომლებმაც ეს ამბავი აიტაცეს. ვიცი, რომ აღტკინება არის ჩვენ ოპონენტებში ამის გამო. წარმოუდგენელია, როდესაც ოპონენტები ხარობენ სავარაუდოდ ქვეყნის წარუმატებლობით, მინდა, მათ იმედები გავუცრუო და ვუთხრა, რომ ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. უნდა ითქვას, რომ ამ სტატიაში კონკრეტულად საქართველოზე არ არის საუბარი. მოლდოვასა და აღმოსავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზეა საუბარი. არათუ გაზრდილია თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა, პირიქით 75 პროცენტით არის შემცირებული. ეს არის ტყუილი. არაფერი არ გვემუქრება, ყველაფერი არის კარგად. ბოლო სავიზო ლიბერალიზაციის ანგარიში, რომელიც გამოქვეყნდა, არის უაღრესად პოზიტიური, სადაც დადებითი შეფასება აქვს ვიზალიბერალიზაციის შესრულებას და ჩვენ აღებულ ვალდებულებებს პირნათლად ვასრულებთ, ამიტომ არანაირი შეჩერების მექანიზმი საქართველოსთან მიმართებაში არ ამოქმედდება.
მინდა ვთქვა, რომ გერმანიის პრეზიდენტმა შტაინმაიერმა გააკეთა მგონი მსგავსი განცხადება, რომ არანაირი მსგავსი რაღაც ნაბიჯები არ იგეგმება, ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა, ოპონენტებს გავუცრუო იმედები და ვუთხრა, რომ ნუ ხარობენ ქვეყნის წარუმატებლობით, მაშინ, როდესაც ქვეყანა აშკარად ადგას წარმატების გზას. ჩვენი ევროკავშირის ინტეგრაცია, მათ შორის თავისუფალი ვაჭრობა და სავიზო ლიბერალიზაცია ეს არის შეუქცევადი პროცესი და ჩვენ არ გადავუხვევთ არც ერთი ჩვენი ნაკისრი ვალდებულებიდან“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.
თავის მხრივ, გერმანიის პრეზიდენტმა ყალბი უწოდა ინფორმაციას, თითქოს, გერმანია საქართველოს, უკრაინისა და ბალკანეთის ქვეყნებისთვის უვიზო რეჟიმის გაუქმების განხილვას ითხოვს.