საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის შემდეგ, რომელიც ბაქოში ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების თავმჯდომარეობით გაიმართა, ირაკლი ღარიბაშვილმა და ალი ასადოვმა ხელი მოაწერეს კომისიის მე-8 სხდომის ოქმს.
თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმები გაფორმდა ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის.
ხელი მოეწერა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს შორის 2021-2024 წლებისთვის კულტურის სფეროში თანამშრომლობის პროგრამას; შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის სტანდარტიზაციის, მეტროლოგიისა და შესაბამისობის შეფასების სფეროში თანამშრომლობის შესახებ; შეთანხმებას საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობებს შორის საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვარზე გამტარი პუნქტების შესახებ; ასევე - ურთიერთგაგების მემორანდუმებს სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და აზერბაიჯანის რესპუბლიკის მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს, სსიპ „აწარმოე საქართველოში“ და აზერბაიჯანში ექსპორტისა და ინვესტიციების ხელშეწყობის ფონდს შორის.
„აზერბაიჯანთან ჩვენ გვაკავშირებს არამხოლოდ წმინდა პრაგმატული ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ, მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა წლების განმავლობაში“, - განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის შემდეგ განაცხადა. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილეს ერთობლივი პროექტების განხორციელების შესაძლებლობები და ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვის გაზრდის საკითხი.
„კარგია, რომ კომისია ჩატარდა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ათი წელია, არ ჩატარებულა და ახლა ჩავატარეთ. ეს მოასწავებს იმას, რომ ორივე მხარე მზად არის, ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის მეტი ინტენსიფიკაცია მოხდეს. განვიხილეთ, თუ როგორ გავზარდოთ ურთიერთ სავაჭრო ბრუნვა, მათ შორის ქართული ექსპორტი აზერბაიჯანში. ეს შეეხება საცემენტო, ასევე მეტალურგიის პროდუქციას, ასევე სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის პროდუქციას. ვსაუბრობდით იმაზე, რომ იყოს თანაბარი, არადისკრიმინაციული მიდგომები და ეს აბსოლუტურად პოზიტიურად არის აღქმული ჩვენი კოლეგების მხრიდან, რადგან, ჩვენ გვაკავშირებს არამხოლოდ წმინდა პრაგმატული ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ, მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა წლების განმავლობაში.
იყო საინტერესო საუბრები ენერგეტიკის სფეროში ჩვენი ურთიერთობების უფრო მეტად გაფართოებაზე. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში აზერბაიჯანი არის ჩვენი ნომერ პირველი მიმწოდებელი როგორც გაზის, ასევე ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით. ჩვენ გავაცანით ჩვენი გეგმები შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის პროექტის განვითარების შესახებ, რითაც ჩვენ ევროკავშირის ბაზარს მივუერთდებით და დავპატიჟეთ, რომ ამ პროექტში მონაწილეობა მიიღონ. ისინი დიდი ინტერესით მოეკიდნენ ამას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ამავე თემაზე: