საქართველომ აზერბაიჯანს შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის პროექტის განვითარების შესახებ საკუთარი გეგმები გააცნო, რომლის საშუალებითაც ქვეყანა ევროკავშირის ბაზარს მიუერთდება. როგორც ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, ქართულმა მხარემ აზერბაიჯანულს ამ პროექტში მონაწილეობა შესთავაზა.
„იყო საინტერესო საუბრები ენერგეტიკის სფეროში ჩვენი ურთიერთობების უფრო მეტად გაფართოებაზე. იმიტომ, რომ წლების განმავლობაში აზერბაიჯანი არის ჩვენი ნომერ პირველი მიმწოდებელი როგორც გაზის, ასევე ელექტროენერგიის იმპორტის თვალსაზრისით. ჩვენ გავაცანით ჩვენი გეგმები შავი ზღვის ფსკერზე მაღალი ძაბვის გადამცემი კაბელის პროექტის განვითარების შესახებ, რითაც ჩვენ ევროკავშირის ბაზარს მივუერთდებით და დავპატიჟეთ, რომ ამ პროექტში მონაწილეობა მიიღონ. ისინი დიდი ინტერესით მოეკიდნენ ამას“, - განაცხადა ნათია თურნავამ ბაქოში, საქართველოსა და აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი ეკონომიკური კომისიის სხდომის შემდეგ.
„აზერბაიჯანთან ჩვენ გვაკავშირებს არამხოლოდ წმინდა პრაგმატული ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ, მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა წლების განმავლობაში.
„კარგია, რომ კომისია ჩატარდა საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ, ათი წელია, არ ჩატარებულა და ახლა ჩავატარეთ. ეს მოასწავებს იმას, რომ ორივე მხარე მზად არის, ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის მეტი ინტენსიფიკაცია მოხდეს. განვიხილეთ, თუ როგორ გავზარდოთ ურთიერთ სავაჭრო ბრუნვა, მათ შორის ქართული ექსპორტი აზერბაიჯანში. ეს შეეხება საცემენტო, ასევე მეტალურგიის პროდუქციას, ასევე სოფლის მეურნეობის და კვების მრეწველობის პროდუქციას.
ვსაუბრობდით იმაზე, რომ იყოს თანაბარი, არადისკრიმინაციული მიდგომები და ეს აბსოლუტურად პოზიტიურად არის აღქმული ჩვენი კოლეგების მხრიდან, რადგან, ჩვენ გვაკავშირებს არამხოლოდ წმინდა პრაგმატული ეკონომიკური ურთიერთობები, არამედ, მეგობრობა, სტრატეგიული პარტნიორობა წლების განმავლობაში“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.