„თითოეულმა არჩევნებმა უნდა აჩვენოს გაუმჯობესება - ის რომ, უკეთესია წინაზე, სწორედ ეს იქნება ნიშანი ქვეყნის ერთგულებისა დემოკრატიული განვითარების მიმართ“, - განაცხადა ამერიკის ელჩმა კელი დეგნანმა ჟურნალისტებთან სოფელ ყარაფილაში, სადაც სატურალური სასმელის, „კომბუჩას“ საწარმო გაიხსნა.
ამერიკის ელჩის განცხადებით, საქართველო არის ეუთოს წევრი და ეს ორგანიზაცია დიდი პატივისცემით და ავტორიტეტით სარგებლობს მთელ მსოფლიოში, მის დამკვირვებლებს გავლილი აქვთ პროფესიული ტრენინგი და შესაბამისად, მათი დასკვნები და მოხსენებები დეტალურ ანალიზს ეფუძნება.
„ვერ ვხედავ, რატომ არ უნდა იყოს მათი კვლევების მიმართ ნდობა, რადგან წარსულში ეს ყოველთვის იყო“, - დაამატა კელი დეგნანმა.
კელი დეგნანის შეფასებით, გამოკითხვები ადასტურებს, რომ ამ არჩევნებზე ამომრჩეველთა დიდი აქტივობა იქნება და ეს კარგია.
„იმედი მაქვს, იქნება მშვიდობიანი და წყნარი საარჩევნო გარემო იმისთვის, რომ ადამიანებს მიეცეთ საშუალება, მივიდნენ საარჩევნო უბნებზე და გამოხატონ თავისი ნება. ჩვენ გამოვთქვით შეშფოთება დაშინების, შევიწროების იმ ფაქტებთან დაკავშირებით, რაზეც იყო ცნობები. წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, და ზოგადად, ასეთი ფაქტების ადგილი არ არის.
ასეთი ფაქტები და ასევე, სიძულვილის ენა კიდევ უფრო ხელს უწყობს საზოგადოების ერთმანეთთან დაშორებას, რომელიც ისედაც პოლარიზებულია. ასევე მიუღებელია თავდასხმები მედიის, სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ, ჟურნალისტებმა უნდა შეძლონ საკუთარი საქმიანობის მშვიდ გარემოში განხორციელება, მოქალაქეების ინფორმირება იმისთვის, რომ მოქალაქეებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება შეეძლოთ. შესაბამისად, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის.
თითოეულმა არჩევნებმა უნდა აჩვენოს გაუმჯობესება - ის რომ, უკეთესია წინაზე, სწორედ ეს იქნება ნიშანი ქვეყნის ერთგულებისა დემოკრატიული განვითარების მიმართ და იმედი მაქვს, ამ არჩევნებზე ასე იქნება. საელჩოს მხრიდან, ჩვენ გვეყოლება დაახლოებით 100 დამკვირვებელი, ეს იქნება არაფორმალური ჯგუფი, თუმცა ამ არჩევნებზე დააკვირდება ბევრი საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებელი. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ეს არჩევნები საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებისა და მეგობრებისთვის. შესაბამისად, ყურადღება ამ პროცესების მიმართ ძალიან დიდი იქნება და ეს არ შეეხება მხოლოდ არჩევნების დღეს - ეს შეეხება როგორც წინასაარჩევნო კამპანიას, ასევე არჩევნების დღეს და შემდგომში განვითარებულ მოვლენებს. ამ პროცესებს ყველა ყურადღებით დააკვირდება და შესაბამისად, ჩვენ მოვუწოდებთ მშვიდი გარემოსკენ არჩევნების დროს, რათა მოსახლეობამ თავისი არჩევანის დაფიქსირება შეძლოს“, - აღნიშნა ამერიკის ელჩმა.
კელი დეგნანს ასევე ჰკითხეს, საარჩევნო პერიოდში მმართველი გუნდის სტრატეგიაზე და ამ კუთხით სიძულვილის ენის გამოყენებაზე, ამერიკის ელჩის თქმით, საქართველოს მთავარი სტრატეგია უნდა იყოს ისეთ საკითხებზე მუშაობა, როგორიც არის უმუშევრობა, ინფლაცია, ეკონომიკური განვითარება და ეს უნდა იყოს ის საკითხები, რომლებზეც პოლიტიკური აქტორები უნდა მუშაობდნენ.
შეგახსენებთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს, საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კი, მის დაკავებას აანონსებს.
ექსპრეზიდენტმა გამოაქვეყნა ავიარეისის ბილეთი, რომელშიც ჩამოსვლის დროდ არჩევნების დღე, ორი ოქტომბერი და 23:05 საათია მითითებული.
ამავე თემაზე: