თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელში ტელეკომპანია "ფორმულას" კეზერაშვილის კუთვნილი წილის დაყადაღებას არ ითხოვს და ტელეკომპანიას მოუწოდებს საზოგადოებას ცრუ ინფორმაციას ნუ აწვდის.
თავდაცვის უწყებამ საგანგებო განცხადება დღეს "ფორმულას" გნერალური დირექტორის და ჟურნალისტების ბრიფინგის შემდეგ გაავრცელა.
"მიუხედავად იმისა, რომ დავით კეზერაშვილი თავის კომპანიებს აფინანსებს სახელმწიფოსგან მიტაცებული თანხებით, რომლებიც სახელმწიფოსთვის საზიანო საქმიანობას ეწევიან, თავდაცვის უწყება კარგად იაზრებს დემოკრატიულ ღირებულებებს, სიტყვის თავისუფლების მნიშვნელობას ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკურ და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. აქედან გამომდინარე, საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, სამინისტროს არც კი დაუშვია იმის ალბათობა, რომ სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოეთხოვა ტელევიზიის წილის დაყადაღება. მითუმეტეს, როდესაც დავით კეზერაშვილი წლების განმავლობაში აღნიშნული ტელევიზიიდან დივიდენდს არ იღებს. შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების ალბათობა აღნიშნული კომპანიიდან არ არსებობს,"-ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ტელეკომპანია "ფორმულას" გენერალური დირექტორის ზუკა გუმბარიძეს შეფასებით, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ, თავდაცვის სამინისტროს სარჩელი, სავარაუდოდ, "ფორმულას" მიერ "ედისონ რისერჩის" კვლევის გამოქვეყნებასთან არის კავშირში და სამართლებრივი პროცესის მთავარი ადრესატი არა დავით კეზერაშვილი, არამედ მის მფლობელობაში მყოფი მედიაა.
28 ოქტომბერს თავდაცვის სმაინისტრომ განაცხადა, რომ რომ ფორმულას მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს. სამინისტრო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ამით შეცვალა წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს, სამინისტროდან 5 მილიონ ევროზე მეტის მიტაცებას ედავებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორის ნაწილი აღნიშნულ საქმეს მედიაზე ზეწოლად აფასებენ.
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სამინისტრო უჩივის კეზერაშვილის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს, ალექსანდრე ნინუასაც.
7 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქმეზე. ეს დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი პირველი გამამტყუნებელი განაჩენია.
ტელეკომპანია "ფორმულა" თავდაცვის სამინისტროს სარჩელს, კრიტიკულ მედიასაქმიანობას უკავშირებს