"ვიცით, რომ აპირებენ ტელეკომპანია "ფორმულაში" ჩემი წილის დაყადაღებას! რა ინფორმაციაც გვაქვს - სახეზეა "ფორმულას დახურვის განზრახვა", - აღნიშნული განცხადებით, ტელეკომპანია "ფორმულას" დამფუძნებელი, თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი თავდაცვის სამინისტროს სარჩელს ეხმაურება.
კეზერაშვილის თქმით, მთელი ჩანაფიქრი ნათელია - არჩევნებში მოსალოდნელი ფიასკოს შიშით, დაიწყო ახალი ტალღა კრიტიკულ მედიაზე "სამართლებრივი" შტურმის!
"დამოუკიდებელი მედიის დისკრედიტაციის კამპანიასა და ფიზიკურ ანგარიშსწორებას დაემატება ივანიშვილის მცდელობა, ფიზიკურად დაადუმოს ფორმულაც და სხვა მედიებიც! ჩვენი საზოგადოება დაამარცხებს მათ, როგორც საარჩევნო უბნებზე, ასევე ევროპულ სასამართლოებში - უკლებლივ ყველგან! დღეს დამატებით გაცხადდა, რომ სამიზნე არის სიტყვის თავისუფლება. მაგრამ ამ ბრძოლას უმძიმესი შედეგები ექნება ივანიშვილისთვის და მმართველი ძალისთვის!
განსაკუთრებულად საშიშად მიაჩნია მმართველ კლანს ფორმულას თანამშრომლობა ედისონ რისერჩთან და ფორმულას ეთერში, ძალიან მაღალი სანდოობის ეგზიტპოლების გამოქვეყნების გეგმა 2 ოქტომბერს 20:00 საათზე. დამოუკიდებელი მედია მაინც შეასრულებს თავის მოვალეობას და სიმართლეს ეტყვის ქვეყანას ზეგ - რეფერენდუმის დღეს! საქართველოში შეუძლებელია განსხვავებული აზრის ჩახშობა, პლურალიზმის გაუქმება, ოპონენტთა დადუმება და საბჭოთა ჭაობში, რუსულ სივრცეში ქვეყნის საბოლოოდ ჩაძირვა!
ამას არ დაუშვებს ჩვენი ხალხი, თავისუფალი ჟურნალისტები, ჩვენი დასავლელი პარტნიორები. ასე რომ ივანიშვილის მორიგი ავანტიურა მხოლოდ დამატებით ნიშანს გვაძლევს, რომ სწორ გზაზე ვართ და თავისუფალი სიტყვის დაცვასა და მხარდაჭერას ალტერნატივა არ აქვს! ვერანაირი ჯიბის სასამართლოები ვერ ამიკრძალავს ასობით თავისუფალი ჟურნალისტისა და ნიჭიერი, კრეატიული ადამიანების მხარდაჭერას! ყველა "სამართლებრივი" გზა განწირულია! დახურავთ ფორმულას? იმ წუთშივე გაჩნდება ახალი ფორმულა! თავისუფალ სიტყვას ვერ მოერევით!", - აცხადებს დავით კეზერაშვილი.
28 ოქტომბერს თავდაცვის სმაინისტრომ განაცხადა, რომ რომ ფორმულას მფლობელის, დავით კეზერაშვილის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შეაქვს. სამინისტრო მიყენებული ზიანის ანაზღაურებას მოითხოვს იმ საქმეზე, რომელზეც უზენაესმა სასამართლომ რამდენიმე კვირის წინ გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა და ამით შეცვალა წინა ორი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი განაჩენი.
თავდაცვის ყოფილ მინისტრს დავით კეზერაშვილს, სამინისტროდან 5 მილიონ ევროზე მეტის მიტაცებას ედავებიან. ოპოზიციის წარმომადგენლები და არასამთავრობო სექტორის ნაწილი აღნიშნულ საქმეს მედიაზე ზეწოლად აფასებენ.
ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით სამინისტრო უჩივის კეზერაშვილის მინისტრობის დროს სახელმწიფო შესყიდვების დეპარტამენტის უფროსს, ალექსანდრე ნინუასაც.
7 სექტემბერს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ დავით კეზერაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა საქმეზე. ეს დავით კეზერაშვილის მიმართ გამოტანილი პირველი გამამტყუნებელი განაჩენია.