საქსტატი: 2020 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 7%-ით შემცირდა, ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა კი - 4,9%-ით გაიზარდა

საქსტატი - 2020 წელს ბიზნესსექტორში დასაქმებულთა რაოდენობა 7 პროცენტით შემცირდა

საქსტატის ინფორმაციით, 2020 წელს დასაქმებულთა საშუალო რაოდენობა 703.9 ათასი კაცით განისაზღვრა, რაც გასული წლის მაჩვენებელს 7,0 პროცენტით ჩამორჩება.

თუმცა, როგორც საქსტატი იუწყება, 2020 წელს ბიზნესსექტორის ბრუნვის მოცულობა, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.9 პროცენტით გაიზარდა და 114.3 მილიარდი ლარი შეადგინა.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 41.5 პროცენტი ქალია, ხოლო 58.5 პროცენტი – კაცი. უწყების ცნობით, დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 37.2 პროცენტი მსხვილ ბიზნესზე მოდის, 21.7 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო დარჩენილი 41.2 პროცენტი – მცირე ბიზნესზე.

დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 656.3 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასულ წელთან შედარებით – 6.5 პროცენტით ნაკლებია.

ამასთან, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საწარმოთა მთლიანი დანახარჯები პერსონალზე – 9 828.1 მლნ. ლარით განისაზღვრა.

2020 წელს საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 1 222.9 ლარს გაუტოლდა, რაც გასულ წელთან შედარებით გაზრდილია 61.2 ლარით. მათ შორის ქალების ხელფასმა შეადგინა – 952.0 ლარი, რაც გასულ წელთან შედარებით გაიზარდა 87.4 ლარით. საწარმოთა ზომის მიხედვით საშუალო თვიური ხელფასი მსხვილი ბიზნესის შემთხვევაში – 1 328.9 ლარია, საშუალო ბიზნესის – 1 419.6 ლარი, ხოლო მცირე ბიზნესი – 991.6 ლარი.

2020 წელს დასაქმებულთა რაოდენობის მიხედვით, ბიზნესსექტორში ვაჭრობის, დამამუშავებელი მრეწველობისა და ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების დარგები ლიდერობენ. თუმცა, სტრუქტურაში მნიშვნელოვანი წილი მოდის მშენებლობის, ტრანსპორტისა და დასაწყობების და განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობების დარგის საწარმოებზეც.

რაც შეეხება დასაქმებულთა რაოდენობას რეგიონების მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი შემდეგნაირად ნაწილდება: თბილისი – 63.0 პროცენტი; აჭარის ა.რ. – 9.7 პროცენტი; იმერეთი – 7.5 პროცენტი; ქვემო ქართლი – 5.6 პროცენტი; სამეგრელო-ზემო სვანეთი – 3.8 პროცენტი.

კლების ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელი. 2020 წელს მისი მოცულობა 46.2 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 2.7 პროცენტით ჩამორჩება გასული წლის მაჩვენებელს.

საქსტატის ცნობით, 2020 წელს მთლიანი ბრუნვის 58.3 პროცენტი მოდის მსხვილ ბიზნესზე, 17.9 პროცენტი – საშუალოზე, ხოლო 23.8 პროცენტი – მცირე ბიზნესზე ნაწილდება. მცირედით განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 40.3 პროცენტი, საშუალოზე – 27.1 პროცენტი, ხოლო მცირე ბიზნესზე – 32.5 პროცენტი.

ამასთან, უწყების ინფორმაციით, საწარმოთა მიერ განხორციელებულმა საქონლისა და მომსახურების მთლიანმა ყიდვებმა 2020 წელს 65.1 მლრდ. ლარი, ხოლო გადასაყიდად განკუთვნილი საქონლისა და მომსახურების ყიდვებმა – 41.1 მლრდ. ლარი შეადგინა. ორივე მაჩვენებელი უმნიშვნელოდ ჩამორჩება 2019 წლის მაჩვენებლებს.