რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება, საქართველოს ხარჯზე არ მოხდება - ამის შესახებ ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა, 2008 წელს საქართველოში ვიზიტის დროს განაცხადა.
როგორც "ამერიკის ხმის" ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში, საქართველოში ამერიკის ყოფილი ელჩი, ჯონ ტეფტი აცხადებს, ტექსტი, რომლითაც ბაიდენი საქართველოში სიტყვთ გამოვიდა, მის სახელმწიფო მდივანთან, ტონი ბლინკენთან ერთად დაწერა, რომელსაც ტეფტის თქმით, საქართველოსთვის 2008 წლის აგვისტოს ომის დროს, დახმარების პაკეტის მობილიზებაში საკვანძო როლი ჰქონდა.
„ტონი ბლინკენის როლი კრიტიკული იყო ამ ყველაფრის ორგანიზებაში, რადგან ის სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის აპარატის უფროსი იყო და ბაიდენთან მუშაობდა,“ - ამბობს ჯონ ტეფტი.
აღსანიშნავია, რომ ბაიდენი თბილისში მაშინ ჩავიდა, როცა პრეზიდენტი ბარაკ ობამა ოფიციალური ვიზიტით მოსკოვს ესტუმრა.
„მე ვლაპარაკობ არა მარტო ჩემი სახელით, ასევე პრეზიდენტ ბარაკ ობამას სახელითაც. თბილისში ეს ვიზიტი მართლაც გამიზნულად მოჰყვა პრეზიდენტ ობამას მოსკოვში ვიზიტს. სწორედ ამიტომ გეგმავდა და სწორედ ამიტომ მომცა მეც ინსტრუქცია, თბილისში ვიზიტი დამეგეგმა. მე ვიცი, ბევრი წუხს და სვამს შეკითხვას, რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება საქართველოს ხარჯზე ხომ არ უნდა მოხდეს. ნება მიბოძეთ მკაფიოდ ვთქვა, რომ - არა, საქართველოს ხარჯზე არ მოხდება რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება და რომ ეს შეუძლებელია,“ - თქვა ვიცე-პრეზიდენტმა ბაიდენმა საქართველოს პარლამენტისადმი მიმართვაში.