„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები ექსპრეზიდენტის დაკავების შემდეგ

„კარგად ხვდებით, რომ ეს იყო უდიდესი პროვოკაცია, რომელიც იგეგმებოდა ყველაზე დიდი ავანტიურისტის, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან და საბედნიეროდ, ის აღიკვეთა , - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

`ამ მაღალი კლასით შესრულებულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ბუნებივია, სამართალდამცავებს მადლობა უნდა გადავუხადოთ. რაც შეეხება ხვალინდელ დღეს, დარწმუნებული ვარ, „ქართული ოცნების“ ყველა ამომრჩეველი, ვინც აპირებდა ან არ აპირებდა არჩევნებზე მისვლას, ამ უდიდესი პროვოკაციის პასუხად, ასევე უპასუხებენ ჩვენი მომხრეები და ის მოქალაქეები, რომლებიც ამ ყველაფერს კარგად ხედავენ“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

რატომ უარყოფდნენ დღეს მმართველი გუნდის წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში მიხეილ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნებას, მდინარაძემ განაცხადა:

„ჩვენი განცხადებები ეყრდნობა იმ ინფორმაციას, რასაც სამართალდამცავები გვაწვდიდნენ. მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციები საერთო კონტექსში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან და მის შედეგებთან ერთად, ნიშნავს იმას, რომ ეს იყო მართლაც მაღალი კლასის, უდიდესი წარმატებით ჩატარებული სპეცოპერაცია ჩვენი მხრიდან, მათ ეს ძალიან კარგად გათვალეს, სხვაგვარი „მესიჯები“ რომ გახმოვანებულიყო, ბუნებრივია, ოპერაცია ასეთი წარმატებით შეიძლება ვერ დასრულებულიყო, მათ ეს რისკი არ გაწიეს. მიხეილ სააკაშვილი დამფრთხალია, მან გარისკა და ეს რისკი ძვირად დაუჯდა“

„ეს არის იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 10 წლის წინ დაიწყო, - ამის შესახებ კი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ მიხეილ სააკაშვილის დაკავებაზე საუბრისას განაცხადა.

მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე სამართალდამცავ სტრუქტურებს მადლობა გადაუხადა.

„სიმბოლურია, რომ ეს მოხდა 9 წლის თავზე იმ მომენტიდან, როდესაც ბიძინა ივანიშვილმა ქართულ საზოგადოებას საქართველოში თავისუფლების და დემოკრატიის გამარჯვება მიულოცა. ეს არის იმ საქმის დაგვირგვინება, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა 10 წლის წინ დაიწყო. მივულოცავ პრემიერ-მინისტრს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებას და მადლობას გადავუხდი რა თქმა უნდა, სამართალდამცავ სტრუქტურებს, შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს ამ ოპერაციის წარმატებით ჩატარებისთვის“, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია.

ცნობისთვის, დღეს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.