ანდრიუს კუბილიუსი: მმართველ პარტიას შეუძლია, ხელი შეუწყოს სიტუაციის სტაბილიზაციას 19 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებით

Europetime-მა არჩევნების წინ ჰკითხა ევროპარლამენტარებს, რა მოლოდინები აქვთ 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტია“ (ქრისტიან დემოკრატები), ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი იმედოვნებს, რომ არჩევნები არა შემდგომ დაყოფას, არამედ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნების გზას მოიტანს.

„ვისურვებდი, რომ არჩევნებმა არა შემდგომი დაყოფა, არამედ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებისა და ქართულ პოლიტიკაში პროევროპულ რეფორმებზე ფოკუსირების გზა მოიტანოს. ამაზე, „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პარტიას, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება.

მას შეუძლია, ხელი შეუწყოს სიტუაციის სტაბილიზაციას 19 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებით, რომ ჩაატაროს ეროვნული არჩევნები თუ ადგილობრივ არჩევნებში ის მიიღებს ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს“, - აღნიშნავს ანდრიუს კუბილიუსი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი დააკავეს.