რა მოლოდინები აქვთ ევროპარლამენტარებს 2 ოქტომბრის არჩევნებიდან - Europetime-ის ექსკლუზიური ინტერვიუები ევროდეპუტატებთან

Europetime-მა არჩევნებამდე ორი დღით ადრე ევროპარლამენტარებს ჰკითხა, რა მოლოდინები აქვთ მოახლოებულ კენჭისყრასთან დაკავშირებით. მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც სადამკვირვებლო დელეგაციაში შედიან და არჩევნებზე დაკვირვების მიზნით, საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევიან. მაგალითად, ჩეხი პოლიტიკოსი მარკეტა გრეგოროვა ყველა მხარეს საკუთარი ამომრჩევლის დამშვიდებისკენ მოუწოდებს.

ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი კი მმართველი პარტიის პასუხისმგებლობაზე მიუთითებს და ამ კონტექსტში მნიშვნელოვნად მიიჩნევს 19 აპრილის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებას. ის შეახსენებს „ქართულ ოცნებას“, რომ თუ ის ადგილობრივ არჩევნებზე 43%-ზე ნაკლებს მიიღებს, ვადამდელი არჩევნები უნდა ჩატარდეს.

უკიდურესად მნიშვნელოვან არჩევნებს უწოდებს 2 ოქტომბრის კენჭისყრას გერმანელი პოლიტიკოსი ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი. ევროპარლამენტარს იმედი, აქვს, რომ ამას ყველა მხარე გააცნობიერებს და საქართველოსთვის, თანამშრომლობასა და არა პოლარიზაციაზე დაყრდნობით ყველა ერთად იმუშავებს.

ევროპარლამენტარების მოსაზრებებს Europetime ექსკლუზიურად გთავაზობთ:

ევროპარლამენტარი (ევროპელი მწვანეების ჯგუფი/ევროპული თავისუფალი ალიანსი),მარკეტა გრეგოროვა, ჩეხი პოლიტიკოსი:

არჩევნების წინ იყო ძალადობა და შიში იმისა, რომ ეს კენჭისყრის შემდეგაც გაგრძელდება. მოვუწოდებ ყველა პარტიას, შეეცადონ, დაამშვიდონ თავიანთი ამომრჩეველი და შექმნან ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გარემო.

ყველა პარტიას ჰქონდა შანსი, ეჩვენებინა რისთვის იბრძვის - ახლა უკვე მოქალაქეებზეა დამოკიდებული, ხმის მიცემით მიიღონ საკუთარი გადაწყვეტილება. ვიმედოვნებ, სადამკვირვებლო მისიების მუშაობის შედეგად მივაღწევთ წარმატებულ არჩევნებს ყოველგვარი გადაცდომის გარეშე.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანათავმჯდომარე, ევროპარლამენტარი „ევროპის სახალხო პარტია“ (ქრისტიან დემოკრატები), ლიეტუვის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ანდრიუს კუბილიუსი

ვისურვებდი, რომ არჩევნებმა არა შემდგომი დაყოფა, არამედ ნორმალური ცხოვრებისკენ დაბრუნებისა და ქართულ პოლიტიკაში პროევროპულ რეფორმებზე ფოკუსირების გზა მოიტანოს. ამაზე, „ქართულ ოცნებას“, როგორც მმართველ პარტიას, მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება.

მას შეუძლია, ხელი შეუწყოს სიტუაციის სტაბილიზაციას 19 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებით, რომ ჩაატაროს ეროვნული არჩევნები თუ ადგილობრივ არჩევნებში ის მიიღებს ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს.

ევროპარლამენტარი, საგარეო კომიტეტის წევრი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, (ფრაქცია „კავშირი 90/მწვანეები), გერმანელი პოლიტიკოსი

მე მაქვს მოლოდინი და იმედი, რომ ყველა მხარე გააცნობიერებს, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ერთად იმუშავებს საქართველოსთვის, რაც ემყარება თანამშრომლობას და არა პოლარიზაციას.

ისევე, როგორც ქართველი ამომრჩეველი, მეც ველოდები, რომ პოლიტიკოსები ისწავლიან ქვეყნის ინტერესების პარტიულ ინტერესებზე მაღლა დაყენებას და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას პარლამენტში და არა ქუჩაში.

ცნობისთვის, 2 ოქტომბერს, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ევროპარლამენტი, ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ერთად, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდება. ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგება: მიჰაილ გალარი (EPP, გერმანია) დელეგაციის თავმჯდომარე, მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი), მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი), კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი), მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი), ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი), ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი).

ევროპარლამენტარები ოფიციალური პროგრამის ფარგლებში, შეხვდებიან ევროკავშირის ელჩს, ეუთოს წამყვან ჯგუფს, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, პოლიტიკური პარტიების, წამყვანი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებს. დელეგაცია ასევე შეხვდება საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ მინისტრს.

შეგახსენებთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს, საქართველოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლის შემთხვევაში კი, მის დაკავებას აანონსებს.

ამავე თემაზე:

ექსკლუზივი: ევროპარლამენტიდან თვითმმართველობის არჩევნებზე დამკვირვებელთა დელეგაცია საქართველოს 30 სექტემბერს ეწვევა

ექსკლუზივი: ევროპარლამენტარების მთავარი გზავნილები საქართველოს ადგილობრივი არჩევნებისთვის

ექსკლუზივი: ანდრიუს კუბილიუსი: როგორც ჩანს, ვადამდელ არჩევნები იქნებოდა კარგი გამოსავალი ამ ღრმა პოლიტიკური კრიზისიდან

ექსკლუზივი: ვიოლა ფონ კრამონი: ოქტომბრის არჩევნების შედეგი და შემდგომი მოვლენები დიდწილად განსაზღვრავს ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობების მიმართულებას

ექსკლუზივი: ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვა საქართველოში პოლიტიკურ აქტორებს დიალოგისკენ მოუწოდებს