ევროპარლამენტარი, საგარეო კომიტეტის წევრი, ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელი, (ფრაქცია „კავშირი 90/მწვანეები), გერმანელი პოლიტიკოსი იმედოვნებს, რომ ყველა მხარე გააცნობიერებს, ეს არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ერთად იმუშავებს საქართველოსთვის, რაც ემყარება თანამშრომლობას და არა პოლარიზაციას. Europetime-მა არჩევნების წინ ჰკითხა ევროპარლამენტარებს, რა მოლოდინები აქვთ 2 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით.
„მე იმედი და მოლოდინი მაქვს, ყველა მხარე გააცნობიერებს, რომ ეს არჩევნები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და ერთად იმუშავებს საქართველოსთვის, რაც ემყარება თანამშრომლობას და არა პოლარიზაციას.
ისევე, როგორც ქართველი ამომრჩეველი, მეც ველოდები, რომ პოლიტიკოსები ისწავლიან ქვეყნის ინტერესების პარტიულ ინტერესებზე მაღლა დაყენებას და მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას პარლამენტში და არა ქუჩაში“, - განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
შეგახსენებთ, ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. არჩევნებამდე ერთი დღით ადრე გახდა ცნობილი, რომ ექსპრეზიდენტი სააკაშვილი დააკავეს.