მმართველი გუნდი განმარტავს, რატომ უარყოფდა, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოშია

პრემიერ-მინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლაზე ინფორმაციას ფლობდნენ, თუმცა არ ადასტურებდნენ, რადგან „ოპერატიული ტაქტიკა“ იყო.

„რა თქმა უნდა, ჩვენ წინასწარ გვქონდა ამის თაობაზე ინფორმაცია, ძალიან მარტივად ვეტყვი საზოგადოებას, რომ არაერთი ცრუ ინფორმაცია ვრცელდებოდა იმის თაობაზე, რომ თითქოს ხელისუფლებამ არ იცოდა. მე აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო ჩვენი გუნდის წევრებს, ვინაიდან მათაც დღეს ამის საპირისპირო განცხადების გაკეთება მოუწიათ, ჩვენ შეგნებულად არ ვამბობდით ამის თაობაზე, ვინაიდან გამოყენებული იყო ჩვეულებრივი ოპერატიული ტაქტიკა, რომელიც საჭირო იყო ასეთი შედეგის დასაყენებლად. სააკაშვილის დაკავება დღევანდელ, ამ სიმბოლურ დღეს, 1-ელ ოქტომბერს დაემთხვა, ბუნებრივია, ახსენეთ, ბიძინა ივანიშვილი, მთავარი სულის ჩამდგმელი 1-ელ ოქტომბრის, მე ზედმეტ კომენტარს არ გავაკეთებ, მაგრამ ეს ყველაფერი სიმბოლური დამთხვევაა. თუმცა, თუ ვიტყვით, რომ შემთხვევით არაფერი არ ხდება, შეიძლება ასეც ვივარაუდოთ“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ფრაქცია `ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ბოდიში მოიხადა და განაცხადა, რომ როგორც პოლიტიკოსი, გუშინ პირველად აღმოჩნდა უხერხულ სიტუაციაში.

საუბარია მის არაერთ განცხადებაზე, რომ მიხეილ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულა და ის უკრაინაში, ტრუსკავეცში იმყოფებოდა. მან არ დააკონკრეტა, საკუთარმა გუნდმა შეიყვანა თუ არა შეცდომაში.

ცნობისთვის, პირველ ოქტომბერს დილით, მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

ამავე თემაზე:

„ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები ექსპრეზიდენტის დაკავების შემდეგ