პრემიერი: შეგახსენებთ, რომ ეს არის ბოლო არჩევნები 2024 წლამდე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, პარტიაში არსებული ინფორმაციით, მმართველი ძალა ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს.

„ამ მომენტისთვის არსებული მონაცემებით, ჩვენი პარტია და კანდიდატები დამაჯერებლად და დიდი უპირატესობით იმარჯვებენ უკლებლივ ყველა მუნიციპალიტეტში, მაგრამ საჭიროა თითოეული თქვენგანის ხმა, რათა ეს გამარჯვება კიდევ უფრო გავამყაროთ და სიძულვილსა და სიცრუეზე აგებულმა პოლიტიკურმა ძალამ, ამ არჩევნებში, გადამწყვეტი მარცხი განიცადოს“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, აუციელბელია, ამომრჩეველმა მეტი აქტიურობა გამოიჩინოს, რადგან დღევანდელი დღე განსაზღვრავს საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების განვითარებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში.

„გარდა ამისა, ეს არჩევნები მნიშვნელოვანი პოლიტიკური წყალგამყოფიცაა. დღეს გვაქვს შესაძლებლობა, საბოლოოდ დავამარცხოთ პოლარიზაცია, დესტრუქცია, სიძულვილი და სიცრუა ქართულ პოლიტიკაში. დარწმუნებული ვარ, ქართველი ხალხი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს“, - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

მისივე თქმით, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ - მთავარი დესტრუქციული ძალა და ჩვენი ქვეყნის დესტაბილიზაციის მთავარი წყარო, არის სრულად დემორალიზებული და ჩამოშლილი.

„ნაციონალურ მოძრაობას“ უნდოდა რეფერენდუმი და მიიღო კიდეც რეფერენდუმი. ეს დღე გახდა რეფერენდუმი „ნაციონალური მოძრაობისთვის“, რომელსაც ქართული საზოგადოება პოლიტიკურ განაჩენს საბოლოოდ გამოუტანს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, პირველ ოქტომბერს, პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში შს მინისტრ ვახტანგ გომელაურთან და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ გრიგოლ ლილუაშვილთან ერთად გამართული ბრიფინგიდან აცნობა მედიას, რომ ექსპრეზიდენტი დაკავებულია. მიხეილ სააკაშვილმა ციხეში შიმშილობა გამოაცხადა და უკრაინის კონსულთან შეხვედრა მოითხოვა.

მანამდე, პირველ ოქტომბერს, დილით, ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჯერ facebook-ზე დაწერა, რომ საქართველოშია, შემდეგ ვიდეო გაავრცელა და ამბობდა, რომ ბათუმშია. „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებიც აცხადებდნენ, რომ ექსპრეზიდენტი საქართველოშია. თუმცა, შსს ამას უარყოფდა და ირწმუნებოდა, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარი არ გადაუკვეთავს, „ქართულ ოცნებაში“ კი ამტკიცებდნენ, რომ ვიდეო ყალბია და ექსპრეზიდენტს უკრაინა არ დაუტოვებია.

ცნობისთვის, ოპოზიციის დიდი ნაწილი 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებს რეფერენდუმად განიხილავს და დარწმუნებულია, რომ ადგილობრივ არჩევნებში დამარცხების შემდეგ, მმართველ ძალას ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოუწევს, რადგან 43%-ზე ნაკლების მოპოვების შემთხვევაში, მმართველ პარტიას ეს ვალდებულება აქვს ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის შუამავლობით მომზადებული შეთანხმების თანახმად. „ჩვენ ვაპირებთ გამარჯვებას, ბრძოლას თითოეული ამომრჩევლის ხმის დასაცავად და შემდეგ კოალიციური მმართველობისთვის მზადებას“, - აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ 29 სექტემბერს, კოლეგებთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე. თავის მხრივ, „ქართული ოცნება“ გამარჯვებაში დარწმუნებულია და აცხადებს, რომ ვადამდელ არჩევნებს არ განიხილავს.

„მმართველ პარტიას შეუძლია, ხელი შეუწყოს სიტუაციის სტაბილიზაციას 19 აპრილის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებით, რომ ჩაატაროს ეროვნული არჩევნები თუ ადგილობრივ არჩევნებში ის მიიღებს ხმების 43 პროცენტზე ნაკლებს“, - აცხადებს ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი Europetime-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში.