პრემიერი: პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და მოგვიწოდოს, სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის

„სააკაშვილის გარემოცვიდან გვქონდა ინფორმაცია. თავიდან ბოლომდე, მისი გადაადგილება, დაწყებული უკრაინიდან საქართველომდე, იყო სრული კონტროლის ქვეშ. ვიცოდით, რომელ ბინაში იმალებოდა და ველოდებოდით საჭირო მომენტს“.

„რაღაც დაგეგმეს, თითქოს მღელვარებას გამოიწვევდნენ და საბოლოო ჯამში სააკაშვილმა პოლიტიკური თვითმკვლელობა ჩაიდინა, ვთქვი, რომ სააკაშვილის დაკავებას სულ რაღაც 10 პოლიციელი შეძლებდა, ასეც მოხდა, ისე, რომ ვერავინ გაიგო, როგორ გადაადგილდებოდნენ ჩვენი გმირი პოლიციელები, ძალიან მაღალპროფესიონალურად შეასრულეს მისი აყვანის ღონისძიება და შეაბრძანეს ციხეში“

„ერთ-ერთ ვერსიად განიხილავდნენ რამდენიმე ოპოზიციური ლიდერის მკვლელობას, რომ ბოლომდე მომხდარიყო ჩვენი ხელისუფლების დელეგიტიმაცია“, - ამ გზავნილებით გამოვიდა პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ტელეკომპანია „იმედთან“ ინტერვიუში.

საიდან შემოვიდა მიხეილ სააკაშვილი, მთავრობის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ძალიან მალე მოსახლეობას ამას დეტალურად მოუყვება არა პრემიერ-მინისტრი, არამედ საგამოძიებო უწყებები.

პრემიერის თქმით, არავითარი კითხვა მისი მართლმაჯულების წინაშე წარდგენასთან დაკავშირებით არ იქნება, და ეს მოხდება უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

„ჩვენთვის ტვირთი და გამოწვევა სააკაშვილი იყო იუთუბ არხებზე ჩართვებიით და ტელეხიდებით. რატომ? ერთი, რომ უკრაინასთან გვიფუჭებდა ურთიერთობას და მეორე - ყველა დაიღალა. დაიღალა მთელი ქვეყნის მოსახლეობა. სააკაშვილი ან უნდა დაგვეწირა, ან წასულიყო პოლიტიკიდან. ეს კაცი პოლიტიკიდან არ მიდის, ბოდიშს არ იხდის, არ ითხოვს შეწყალებას. მადლობა მიშას, რომ ჩამოვიდა თავისი ფეხით და თავისი ნებით საქართველოში.

ვფიქრობ, რომ იდეალურად დაჯდა და დავსვით ყველაფერი, ვინაიდან, „ნაციონალური მოძრაობა“ ამის შემდეგ როგორ უნდა განვითარედეს, ვერ წარმომიდგენია. ბოლო იმედი იყო სააკაშვილი. ბოლო რესურსი ჩადეს ამ არჩევნებისთვის. ჩამოვიდა და პირდაპირ ციხეში შევიდა, ისე, რომ ვერაფერი გააკეთა. მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან კომფორტულად იქნება. ჩვენ მაქიმალურ კომფორტს შევუქმნით მას ციხეში და არავითარი კითხვა მისი მართლმაჯულების წინაშე წარდგენასთან დაკავშირებით არ იქნება, ჩვენ ამას გავაკეთებთ უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ჩვენ ისე არ მოვექცევით და ავექცევით ოპონენტებს, როგორიც ისინი იმსახურებენ და ექცეოდნენ თავის ოპონენტებს, მაგრამ ჩვენ ვართ დემოკრატია, აბსოლუტურად გამჭვირვალე პროცესია და პირველივე საათიდან ადვოკატიც შევიდა, მნახველებიც ჰყავს და პრობლეემა არ იქნება არავითარი“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ის „სრული პასუხისმგებლობით“ აცხადებს, რომ სააკაშვილი სრულად მოიხდის სასჯელს. „წესიერად მოიქცეს, თორემ დავუმატებთ კიდევ სხვა მუხლებს და სხვებსაც მივაყოლებთ”, - აღნიშნავს ღარიბაშვილი.

„დღეის მდგომარეობით მას 6 წელი აქვს მისჯილი, ბოლო ინსტანციით არის გამყარებული მისი ეს ბრალი და სასჯელი. პლანეტის ნებისმიერი ადამიანი რომ ჩამოვიდეს და გვთხოვოს, გვითხრას, მოგვიწოდოს, დღეს ხელისუფლებაში სააკაშვილის გამომშვები არავინ არ არის. სააკაშვილი ახლა დაჟინებით ითხოვს, უკრაინაში დამაბრუნეთო. რომ გააცნობიერა, რომ ციხეშია და ძალიან მძიმედ არის, თანამშრომლებს ეუბნება, სასწრაფოდ დამაბრუნეთ უკრაინაშიო.

წარმოგიდგენიათ ეს კაცი რა მდგომარეობაშია?! რატომ ჩამოვიდა, რატომ დაიჯერა ბრიყვულად, რომ აქ ჩვენ გვეძინა და არაფერი არ მოჰყვებოდა მის ამ შემოპარვას?! ძალიან სამწუხაროა, რომ ჩვენ ვსაუბრობთ კაცზე, რომელიც 9 წლის განმავლობაში პრეზიდენტი იყო, კატასტროფაა და შეურაცხმყოფელია, რომ მან საკუთარი ნებით დათმო ჩვენი ქვეყნის მოქალაქეობა. თუ მას უნდა უკრაინაში დაბრუნება, მას შემდეგ რაც ის სრულად მოიხდის სასჯელს, ამის შემდეგ რა თქმა უნდა, შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში დაბრუნდეს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ამავე თემაზე

ვოლოდიმირ ზელენსკი: უკრაინა ყველა დონეზე დააყენებს მიხეილ სააკაშვილის დაბრუნების საკითხს