მეორე ტურთან დაკავშირებით, საერთაშორისო პარტნიორები საარჩევნო პროცესის გაუმჯობესების აუცილებლობაზე მიუთითებენ. Europetime-მა ასეთი გზავნილები ამ დრომდე არსებული შეფასებებიდან შეკრიბა.
მაგალითად, ევროპარლამენტარი, სოციალ დემოკრატების ჯუფის წევრი, მარინა კალიურანდი მეორე ტურის წინ მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და ესკალაციის გამომწვევი შემდგომი პოლიტიკური რიტორიკისგან. სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი ამის საჭიროებას მშვიდობიანი და დემოკრატიული მეორე ტურის უზრუნველყოფისთვის ხედავს.
მან დღეს გავრცელებული განცხადებით, 2 ოქტომბრის კენჭისყრას დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდა უწოდა.
„მეორე ტური არის შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს სრული ნდობა ექნებათ“, - ეს ნაწილია ამერიკის საელჩოს განცხადებიდან, რომელიც ადგილობრივ არჩევნებს აფასებს.
„მოვუწოდებთ ყველა პარტიას პოლიტიკური სიტუაციის შემდგომი პოლარიზაციის მცდელობებისგან თავის შეკავებისკენ, არჩევნების შემდგომი მშვიდი გარემოს შენარჩუნებისა და საარჩევნო საჩივრების სამართლიანი, მიუკერძოებელი განხილვისკენ. მეორე ტური არის შესაძლებლობა, რომ გაუმჯობესდეს პროცესი და ჩატარდეს ორგანიზებული, კონკურენტული მეორე ტური, რომლის მიმართაც საქართველოს მოქალაქეებს სრული ნდობა ექნებათ. ამერიკის შეერთებული შტატები ამაყობს, რომ ქართველი ხალხის გვერდით დგას ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს ძალისხმევის მხარდაჭერას ძლიერი დემოკრატიის, წარმატებული ეკონომიკისა და უსაფრთხო სტაბილური ქვეყნის მშენებლობის საქმეში", - აღნიშნულია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში.
ამასთან, არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებით, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას და ყველა პოლიტიკურ პარტიას, სასწრაფოდ განახორციელონ დამატებითი ძალისხმევა სამართლიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველსაყოფად.
„ველოდებით სანდო და სწრაფ გამოძიებას ყველა საჩივართან დაკავშირებით, მათ შორის ჟურნალისტების მიმართ დაშინებისა და ძალადობის ჩათვლით. ევროკავშირი კვლავ თანმიმდევრულად დაუჭერს მხარს საქართველოში დემოკრატიის განმტკიცების ძალისხმევას. ჩვენი ურთიერთობა კვლავაც დაეყრდნობა ადამიანის უფლებების პატივისცემის პრინციპებს, კანონის უზენაესობასა და დემოკრატიულ სტანდარტებს - ღირებულებებს, რომლებიც ევროკავშირი - საქართველოს ასოცირების შესახებ შეთანხმების საფუძველს წარმოადგენს“, - აღნიშნულია ევროკავშირის განცხადებაში.
ცნობისთვის, 64 თვითმმართველი ქალაქიდან და თემიდან, მეორე ტური 20 მუნიციპალიტეტში გაიმართება.