ქართველმა პოლიტიკოსებმა თავიანთი ერის ინტერესები პარტიულ ინტერესებზე მაღლა უნდა დააყენონ, ასე იწყება ევროპარლამენტარის, სოციალ დემოკრატების ჯუფის წევრის, მარინა კალიურანდის შეფასება 2 ოქტომბრის ადგილობრივ არჩევნებზე.
მეორე ტურის წინ, სოციალ დემოკრატების ჯგუფი მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ პროვოკაციებისა და ესკალაციის გამომწვევი შემდგომი პოლიტიკური რიტორიკისგან, რათა მშვიდობიანი და დემოკრატიული მეორე ტური უზრუნველყონ. განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2 ოქტომბრის კენჭისყრა იყო არამხოლოდ ადგილობრივი არჩევნები, არამედ დემოკრატიის კიდევ ერთი გამოცდა საქართველოში.
„ქართული დემოკრატიისადმი ურყევი მხარდაჭერის ნიშნად, ევროპარლამენტმა შვიდკაციანი ძლიერი დელეგაციით მიიღო მონაწილეობა ეუთოს/ODIHR საარჩევნო სადამკვირვებლო მისიაში, მათ შორის იყო ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი.
სამხრეთ კავკასიასთან ურთიერთობის დელეგაციის ხელმძღვანელი, მარინა კალიურანდი სრულად ეთანხმება ODIHR-ის წინასწარ დასკვნებს, რომლის მიხედვით, „არჩევნები ზოგადად კარგად ადმინისტრირებული იყო, მაგრამ საარჩევნო პროცესი გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის ფონზე მიმდინარეობდა და გამძაფრებული პოლარიზაციით ხასიათდებოდა“.
„მოვუწოდებ ყველა პოლიტიკურ პარტიას, დოკუმენტიდან კონკრეტული დებულებები არ გამოარჩიონ და სერიოზულად და ჰოლისტიკურად გაამახვილონ ყურადღება დასკვნებზე. კანდიდატების, ამომრჩევლებისა და ჟურნალისტების მიმართ დაშინების და ზეწოლის ფაქტები მთელი საარჩევნო კამპანიის პერიოდში, უნდა იყოს გამოძიებული.
არჩევნები წარიმართა პოლარიზებულ პოლიტიკურ გარემოში, რამაც ამომრჩევლებს ინფორმირებული არჩევანის გაკეთება გაურთულა. მიუხედავად ამისა, გაზრდილი აქტივობა აჩვენებს, რომ ქართველებს სურთ თავიანთი ქვეყნის წინსვლა და ელიან, რომ მათი არჩეული წარმომადგენლები ამ გზას გაჰყვებიან. მინდა პირადად გამოვხატო პატივისცემა ქალბატონებისადმი, რომლებიც თანაბრად იმსახურებდნენ უკეთეს წარმომადგენლობას კანდიდატებსა და არჩეულ წარმომადგენლებს შორის.
მტკიცედ მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, რომ საბოლოოდ დააყენონ ერის ინტერესები თავიანთ პარტიულ ინტერესებზე მაღლა და ყურადღება გაამახვილონ იმ პასუხისმგებლობის შესრულებაზე, რომელიც მათ ეკისრებათ თავიანთი ქვეყნისა და ხალხის წინაშე.
სოციალურ-ეკონომიკური აღდგენა COVID19-ის პანდემიის შემდეგ მოითხოვს თავდადებულ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, მათ შორის ადგილობრივ დონეზე.საქართველოს საარჩევნო კანონმდებლობა და დემოკრატიული პროცესი კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს.
პოლიტიკური სტაბილურობის, ანგარიშვალდებული ინსტიტუტებისა და დამოუკიდებელ სასამართლო სისტემის საფუძველზე გატარებული რეფორმები უკეთესი მომავლისთვის, პრიორიტეტი უნდა იყოს.
ამიტომ, ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული 19 აპრილის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები ყველა მხარის მიერ სრულად უნდა შესრულდეს. მთავრობაში მყოფებს ყოველთვის ეკისრებათ განსაკუთრებული პასუხისმგებლობა, მაგრამ ჩვენ ველით კონსტრუქციულ ხელშეწყობას ოპოზიციის მხრიდანაც“, - აცხადებს მარინა კალიურანდი.
ცნობისთვის, 2 ოქტომბერს, ეუთო/ოდირის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში, ევროპარლამენტი, ეუთო/ოდირთან და ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფალთა კონგრესთან ერთად, საქართველოში ადგილობრივ არჩევნებს დააკვირდნენ. ევროპარლამენტის დელეგაცია შვიდი ევროპარლამენტარისგან შედგებოდა: მიჰაილ გალარი (EPP, გერმანია) დელეგაციის თავმჯდომარე, მირიამ ლექსმანი (EPP, სლოვაკეთი), მარინა კალიურანდი (S&D, ესტონეთი), კატალინ ჩე (Renew, უნგრეთი), მარკეტა გრეგოროვა (Greens/EFA, ჩეხეთი), ჯორდი სოლე (Greens/EFA, ესპანეთი), ანა ფოტიგა (ECR, პოლონეთი).
ეუთო/ODIHR-ის წინასწარი დასკვნა 2 ოქტომბრის არჩევნებზე - მთავარი მიგნებები