ვერაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახმა განცხადება გაავრცელა

თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე მოკლული ნიკა კვარაცხელიას ოჯახი მკვლელობაში ბრალდებულების ოჯახებს მათი შვილების სამართალდამცველებისთვის გადაცემას სთხოვს. ამასთან დაკავშირებით ოჯახი განცხადებას ავრცელებს.

„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ნიკოლოზ კვარაცხელიას განზრახ მკვლელობის საქმეზე, გამოძიების მიერ დადგენილ იქნა ორი პიროვნების ვინაობა, მათ დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი და აღკვეთის ღონისძიების სახედ განესაზღვრათ პატიმრობა. შესაბამისად, მიმდინარეობს მიმალვაში მყოფ პირთა ძებნა.

ჩვენ, კატეგორიულად გამოვრიცხავთ ნიკოსა და ამ საქმეზე ბრალდებულთა შორის რაიმე ბანალური მიზეზით კონფლიქტის არსებობასაც კი, რადგან ნიკო საერთოდ არ იცნობდა მათ. მოვუწოდებთ აკო ჭელიძისა და გიორგი კავილაძის ოჯახებს დაუყოვნებლივ გადასცენ მათი დამნაშავე შვილები სამართალდამცავ ორგანოებს, ვინაიდან არსებობს საფრთხე, სამართლიანი მართლმსაჯულების განხორცილებაზე ხელშეშლისა და მკვლელობის რეალური მოტივის დაფარვის მიზნით, დამკვეთმა მოახდინოს მათი ლიკვიდაცია“, - ნათქვამია განცხადებაში.

შსს-ს ინფორმაციით, ნიკა კვარაცხელიას მიმართ 10-ზე მეტი გასროლა განხორციელდა, სავარაუდო დამნაშავემ კი ტერიტორია თანამზრახველთან ერთად ნაქირავები მანქანით დატოვა. ნიკა კვარაცხელიას მკვლელობაში ბრალდებულებს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდეს.