პატრიარქმა მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტა სთხოვა

კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, - ამის შესახებ ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით, კათოლიკოს-პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა რუსთავის პენიტენციური დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა.

„დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა ბატონ მიხეილ სააკაშვილს გადასცა უწმინდესის დალოცვა, მოკითხვა და როგორც ყველა მსგავსი შემთხვევისას, ამჯერადაც ეკლესიის სახელით სთხოვა, შეეწყვიტა შიმშილობა, რადგან ეს არის არაქრისტიანული ქმედება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე წაიკითხეთ: რუსთავის ციხეში მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად პატრიარქის მდივანი შევიდა

დეკანოზ მიქაელ ბოტკოველის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა შიმშილობის შეწყვეტაზე უარი განაცხადა.

„ბატონმა მიხეილმა მოიკითხა მისი უწმინდესობა, მთხოვა, გადავცე რომ მას პატივს სცემს. რაც შეეხება შიმშილობას, მან თქვა, რომ ეს გადაწყვეტილება მიღებული აქვს და ამ გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს. ჩვენ როგორც წესი, პატიმრებს, რომლებსაც აქვთ ხოლმე ასეთი მოთხოვნები შიმშილობასთან დაკავშირებით, მე რაც მეხსიერება მაქვს, მივდივართ ხოლმე და ვთხოვთ, რომ შეწყვიტონ შიმშილობა“, - აღნიშნა დეკანოზმა.

პატრიარქის მდივნის თქმით, მიხეილ სააკაშვილმა სთხოვა, პატრიარქისთვის გადაეცა, რომ სამკერდე ჯვარი არ აქვს და მის დაბრუნებას ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი 1-ელ ოქტობერს თბილისში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილი ამჟამად რუსთავის #12 პენიტენციურ დაწესებულებაში იმყოფება.

ექსპრეზიდენტს რამდენიმე ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორის საქართველოს საზღვრის უკანონოდ დარღვევა.